აშშ-ის მთავრობის თანადაფინანსებით, დაჭრილი სამხედროებისთვის წეროვანში ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა
წეროვანში საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში სრულიად უპრეცედენტო ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სარეაბილიტაციო და სამედიცინო ტექნიკით, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.
უწყებაში განმარტავენ, რომ ახალი ცენტრი სრულად პასუხობს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მოთხოვნებს.
„შენობა აღჭურვილია სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზით, შესაბამისი ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარით, რომელიც დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს ეხმარება როგორც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციაში, ასევე სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის მომზადებაშიც. ცენტრში განთავსებულია მოედანი მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის, რომელიც დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველო საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში ღირსეულად წარმოაჩინონ“ ,- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
ახალი ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა გახსნეს.
სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღედ 27 იანვარი დაწესდება.
აშშ-საქართველოს შორის თანამშრომლობასა და ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსის სარდალმა, გენერალ-მაიორმა ჯეფრი მილჰორნმა და აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარმა ქირურგმა, ბრიგადის გენერალმა რონალდ სტივენსმა.
სიტყვით გამოსვლისა და ლენტის გაჭრის შემდეგ სტუმრებმა ახალი შენობის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ცენტრის სარეაბილიტაციო შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ.
სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას დაესწრნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, აშშ-ის ევროპული სარდლობის, აშშ-ის საელჩოს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები და დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სარეაბილიტაციო ცენტრი საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით აშენდა.
აღინიშნა, რომ ერთობლივი პროექტის მხარდასაჭერად ამერიკის მთავრობამ 4.5 მილიონი დოლარი გამოყო.
„სივრცის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვისთვის, თავდაცვის სამინისტრომ მილიონ ლარზე მეტი გამოყო. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სარეაბილიტაციო ცენტრი იქნება თავდაცვის სამინისტროს ახალი სოციალური პოლიტიკის ერთგვარი სიმბოლო, რომელიც იმ გმირ სამხედროებზე ზრუნვასა და პატივისცემას გულისხმობს, რომლებმაც ჯანმრთელობის ფასად დაიცვეს ქვეყანა, მისი უსაფრთხოება და მსოფლიო მშვიდობა“ ,- განმარტავენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.