დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების გუნდი აშშ-დან 38 მედლით დაბრუნდა [ვიდეო]

აშშ-ში, პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე გამართულ „საზღვაო ქვეითთა თამაშებიდან“ დაბრუნებული  დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი საქართველოში 38 მედლით დაბრუნდა.

პარასპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დახვდნენ. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამხედროებს გამარჯვება მიულოცა. ლევან იზორიამ დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს საერთაშორისო ტურნირში წარმატებით ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულ მებრძოლებს ფულადი ჯილდოც გადაეცემათ.

პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე გამართულ შეჯიბრებებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 12-კაციანმა გუნდმა 38 მედალი მოიპოვა. 24 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით ჩატარებულ ტურნირში, რომელშიც 7 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი იყო ჩართული, ქართველმა სამხედროებმა სპორტის რვა სახეობაში წარმატებით იასპარეზეს, მათ შორის – მჯდომარე კალათბურთში, ცურვაში, სროლაში, მშვილდოსნობაში, ნიჩბოსნობაში, ეტლით სირბილში და ველოსპორტში. პარასპორტსმენებმა 20 ოქროს, 10 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალი აიღეს.

საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ამერიკის საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა მეხუთედ მიიღეს. ქართველმა დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედროებმა „საზღვაო ქვეითთა“ თამაშებში გასულ წელსაც იასპარეზეს და საქართველოში 20 მედლით დაბრუნდნენ.