საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ბულვარის და მისი მიმდებარე ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ლარია.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ურეკის ბულვარის სრული რეაბილიტაცია, რაც ითვალისწინებს გარე განათებას, ველო-ბილიკების მოწყობას, საპირფარეშოების მშენებლობას, მცირე მოედნებისა და სივრცეების მოწყობას ღია სეზონური კაფეებისთვის და კომერციული ობიექტებისთვის. ასევე დაგეგმილია ბულვარის პარალელური ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და გარე განათების დამონტაჟება. ბულვარი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
დაბა ურეკში ბულვარის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობას.