დაბა აგარასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ქარელის საავადმყოფოდან თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული მაგისტრალის 109-ე კილომეტრზე, დაბა აგარის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი, 1988 წელს დაბადებული გ.ტ. ქარელის საავადმყოფოდან თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადმოიყვანეს, რომელსაც ამ წუთებში შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა გზის სარეზერვო ზოლში იყო გაჩერებული, რა დროსაც მას დასავლეთის მიმართულებით დიდი სისწრაფით მოძრავი ტრაილერი უკანა მხრიდან შეეჯახა. მომხდარის შედეგად, საპატრულო ავტომანქანა „შკოდა ოქტავია“ გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა.
„ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ორივე წევრი – პატრულ ინსპექტორები: გ.ტ. და გ.ხ. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ქარელისა და გორის სამკურნალო დაწესებულებებში მალევე გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, გ.ტ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, გ.ხ.-ს მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.