საპატრულო პოლიციაში აცხადებენ, რომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ მგზავრთა ნაკადის მატება არ შეინიშნება არც საქართველოში შემოსვლის და არც ქვეყნიდან გასვლის მხრივ
საპატრულო პოლიციაში აცხადებენ, რომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ მგზავრთა ნაკადის მატება არ შეინიშნება არც საქართველოში შემოსვლის და არც ქვეყნიდან გასვლის მხრივ

24 ივნისის საღამოს მდგომარეობით, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ ვითარება არ შეცვლილა, იგივენაირი მდგომარეობაა, როგორიც იყო გუშინ, გუშინწინ და ბოლო კვირებში, – ამის შესახებ შსს-ს საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა, დავით ფხალაძემ ჟურნალისტებს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „დარიალთან“ განუცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან კონტროლს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოგახსენებთ, რომ 24 ივნისის საღამოს მდგომარეობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ ვითარება არ შეცვლილა, იგივენაირი მდგომარეობაა, როგორიც იყო გუშინ, გუშინწინ და ბოლო კვირებში. მგზავრთა ნაკადის მატება არ შეინიშნება არც საქართველოში შემოსვლის და არც საქართველოდან გასვლის მიმართულებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ. კონტროლი არის იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა იყოს. სტანდარტულად მოწმდება ყველა, როგორც ყოველთვის“, – განაცხადა დავით ფხალაძემ.

მანამდე, შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უწყების შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ ვითარება სრულად კონტროლდება და ამ ეტაპზე საზღვრის დაკეტვის ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის.