დაბა აბასთუმანში კანალიზაციის სისტემა და გამწმენდი ნაგებობა აშენდება
დაბა აბასთუმანში წყალარინების (კანალიზაციის) თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა და აშენდება ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა.
პროექტი, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს, ასევე ითვალისწინებს აბასთუმნისა და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანიის შესარჩევად ტენდერი მიმდინარეობს. პრეტენდენტებს წინადადებების წარდგენა 11 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ. პროექტის სავარაუდო ღირებულება 18,457,855.00 ლარია.
ამ დროისთვის, აბასთუმანში არსებული კანალიზაციის სისტემა ამორტიზებულია, წყალარინების გამწმენდი ნაგებობა კი, დანგრეულია და არ ფუნქციონირებს. კურორტზე კანალიზაციის ქსელი გასული საუკუნის 70-იან წლებში მოეწყო და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
კომპანიის ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაც, არსებული ქსელი მოძველებულია და რეკონსტრუქციას საჭიროებს. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა წყლის სათავე ნაგებობა, წყალმომარაგების ქსელი და მილსადენი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეზერვუარს.
„სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება მაისში იგეგმება და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება, რის შემდეგაც 1000-მდე ადგილობრივი და ათასობით დამსვენებელი წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ, ექნებათ უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება.
ამ დროისთვის, აბასთუმანში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3.727.121 ლარით ფინანსდება”, – აღნიშნულია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციაში.