დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში მიმდინარე წელს გარდაცვლილ პირთა საერთო რაოდენობა 2019 წელთან შედარებით რვა პროცენტით ნაკლებია
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში მიმდინარე წელს გარდაცვლილ პირთა საერთო რაოდენობა 2019 წელთან შედარებით რვა პროცენტით ნაკლებია

საქართველოში 2020 წლის პირველი იანვრიდან 15 მაისის ჩათვლით პერიოდში გარდაცვლილ პირთა საერთო რაოდენობა (17 509) 2019 წელთან შედარებით რვა, 2018 წელთან შედარებით კი, სამი პროცენტით ნაკლებია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეორე ანგარიშშია საუბარი. ანგარიში საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობას ეხება.

ანგარიშის თანახმად, მრავალ ქვეყანაში, გარდა „კოვიდ-19“-ით დაავადებულთა რაოდენობისა, ერთ-ერთ საგულისხმო ინდიკატორად ნამატი სიკვდილიანობის მაჩვენებელს განიხილავენ, რათა შეფასდეს, მოახდინა თუ არა რაიმე გავლენა აღნიშნული დაავადების სწრაფმა გავრცელებამ და მასთან დაკავშირებულმა გარდაცვალების შემთხვევებმა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე.

„ნამატი სიკვდილიანობის მაჩვენებელი განისაზღვრება, როგორც სიკვდილიანობა ზოგად პოპულაციაში, რომელიც აღემატება მოსალოდნელ სიკვდილიანობის მაჩვენებელს, გამოწვეულს კონკრეტული დაავადებით. მომატებული სიკვილიანობა აღინიშნა ბელგიაში, საფრანგეთში, შვედეთში, ესპანეთში, იტალიაში, ინგლისსა და ნიდერლანდებში.

საქართველოში 2020 წლის პირველი იანვრიდან 15 მაისის ჩათვლით პერიოდში გარდაცვლილ პირთა საერთო რაოდენობა (17 509) ნაკლებია წინა წლებთან შედარებით: 8%-ით 2019 წელთან და 3%- ით 2018 წელთან შედარებით.

2020 წელს თვეების მიხედვით იანვრიდან აპრილის ჩათვლით აღინიშნება ყველა მიზეზით გარდაცვალების შემთხვევების ყოველთვიური კლება 11, 6 და 13%-ით“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ინფორმაციით, 11 ივნისის მდგომარეობით საქართველოში გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობაა 13 იყო, ხოლო ლეტალობის მაჩვენებელი – 1.57%. გარდაცვლილთა შორის შვიდი პირი თბილისის მცხოვრები იყო, ოთხი – ქვემო ქართლის, ერთი – აჭარის, ერთი კი, გურიის.