დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის თანმხლებ დაავადებებს შორის ყველაზე ხშირი იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჰიპერტენზია და დიაბეტი
საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელეობის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, კვლევის ფარგლებში, თითოეული პაციენტის შემთხვევაში გაანალიზდა დაავადების კლინიკური სიმპტომებისა და თანმხლები დაავადებების არსებობა პაციენტის ჰოსპიტალიზაციამდე.
ანგარიშის მიხედვით, სიმპტომებიდან ყველაზე ხშირად ვლინდება ცხელება, ზოგადი სისუსტე, ხველა, ყელის ტკივილი და თავის ტკივილი (დათვლილია 800 შემთხვევაზე), გემოსა და ყნოსვის ცვლილება, რომელიც დათვლილია 500 შემთხვევაზე.
„800 შემთხვევიდან, „პისიარ“ ტესტირების დროს, 88 შემთხვევა იყო ასიმპტომური. შესაბამისად, უსიმპტომო შემთხვევების პროპორცია იყო 11 პროცენტი. სიმპტომების ინტენსივობის შესახებ ინფორმაციის მოგროვება პრობლემური აღმოჩნდა 166 შემთხვევაში, რაც გამოწვეული იყო რიგი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებით, კერძოდ, ენობრივი ბარიერი, გახსენების მიკერძოება, სიმპტომების აღქმის განსხვავებული მიდგომა, სტიგმატიზაცია. აღნიშნული შემთხვევები კონცეტრირებული იყო ქვემო ქართლის რეგიონში და შეადგენდა ამ რეგიონში გამოვლენილი შემთხვევების 58.4 პროცენტს“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ცენტრის ინფორამციით, თანმხლებ დაავადებებს შორის ყველაზე ხშირი იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჰიპერტენზია 88 (11 პროცენტი) და დიაბეტი 39 (4.8 პროცენტი).
ამასთან, ცენტრში განმარტავენ, რომ „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე ექსპოზიციის ადგილის მიხედვით, ყველაზე მაღალია ქვემო ქართლის რეგიონსა და თბილისში, ხოლო ყველაზე დაბალი – სამეგრელო, ზემო-სვანეთსა და იმერეთში.
ექსპოზიციის ადგილის მიხედვით საქართველოს დანარჩენ რეგიონებში დაავადების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ანგარიშის თანახმად, იმპორტირებული შემთხვევების რაოდენობა 800 აღწერილი შემთხვევიდან იყო 157 (19,6 პროცენტი).
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი მოიცავს ცენტრის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ანალიზსა და აღწერილობით კვლევებს პირველი დადასტურებული შემთხვევიდან 800 პაციენტის და პირველი ჰოსპიტალიზებული და გაწერილი 500 პაციენტის ჩათვლით.