დაავადებათა კონტროლის ცენტრი უნივერსიტეტებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი უნივერსიტეტებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისა და ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან საინფორმაციო შეხვედრების ციკლს მართავს.

პირველი ონლაინშეხვედრები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან გაიმართა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებში მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო. მან აღნიშნა, რომ ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნა. მინისტრის მოადგილის თქმით, უსაფრთხო უნივერსიტეტების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების აქტიური ჩართვა ვაქცინაციის პროცესში.

საუნივერსიტეტო საზოგადოებას შეკითხვებზე საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსმა, ანა კასრაძემ უპასუხა.

როგორც განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, შეხვედრების მიზანია, საუნივერსიტეტო საზოგადოება სწორად იყოს ინფორმირებული ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით.

„შეხვედრების ფორმატი საშუალებას აძლევს მონაწილეებს, დასვან შეკითხვები და მიიღონ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომპეტენტური პირებისგან. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. საჭიროების შემთხვევაში, მსგავსი ტიპის შეხვედრები საუნივერსიტეტო საზოგადოების ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან დამატებით დაიგეგმება“, – აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციაში.