დაავადებათა კონტროლის ცენტრი - სუნელებში აღმოჩენილი ნივთიერება „სუდან 1“ კანცეროგენია, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არის
დაავადებათა კონტროლის ცენტრი - სუნელებში აღმოჩენილი ნივთიერება „სუდან 1“ კანცეროგენია, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არის

თბილისში, ნავთლუღის ბაზრის ტერიტორიაზე, სუნელებში აღმოჩენილი ნივთიერება „სუდან 1“ კანცეროგენია, თუმცა პანიკის საფუძველი არ არის, რადგან სუნელების მიღება ყოველდღიურად და დიდი რაოდენობით არ ხდება, – ამის შესახებ პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ განუცხადა.

სტურუა ამბობს, რომ „სუდან 1“ არ არის საკვებისმიერი საღებავი და მას, მაგალითად, ქსოვილების ღებვისას, დიზელის წარმოებისას და სხვა შემთხვევებში იყენებენ.

„მცირე რაოდენობით ის არ არის საშიში. ზოგადად კი ამ ნივთიერებამ შეიძლება შარდის ბუშტის, ღვიძლის სიმსივნე გამოიწვიოს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა.

რაც შეეხება სუნელებში აღმოჩენილ ტყვიას, სტურუას განმარტებით, ის გროვდება ორგანიზმში და ზრდასრულ ასაკში სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებას იწვევს.

ჯანმრთელობისთვის საშიში სუნელის დამზადების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მიეცა. სუნელი „ზაფრანა“, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებას შეიცავდა, ნავთლუღის ბაზარში იყიდებოდა.