დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის დასადგენად კვლევაში აქტიურობისკენ მოუწოდებს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს მოუწოდებს, შვილებს სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად კვლევაში მონაწილეობა მიაღებინონ.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კვლევის დროს შემთხვევითი პრინციპით ჯამში 1500 ბავშვის სისხლის ანალიზები უნდა აიღონ. ამ დროისთვის, მხოლოდ 1 300-მდე ბავშვს აუღეს სინჯები. კვლევები კი 24 დეკემბერს უნდა დასრულდეს.
ამირან გამყრელიძის თქმით, კვლევებზე მშობლები გარკვეული მოსაზრებების გამო უარს აცხადებენ და ხშირ შემთხვევაში, ამაში ისინი პედიატრების მიერ კვლევასთან დაკავშირებული არასწორად მიწოდებულ ინფორმაციას იშველიებენ.
„თუ 1500 ბავშვის გამოკვლევა ვერ მოხდება, სახელმწიფოს არ ექნება ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე საერთო სურათი, რაც სამომავლოდ მედიკოსებს ხელს შეუშლის დაავადების პრევენცია მოახდინონ“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, პროგრამის მიმდინარეობისას ყველაზე ცუდი მდგომარეობა თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, დადებითი კი ქუთაისში, გურიაში და იმერეთის ცალკეულ ქალაქებში გამოიკვეთა.