დააკავეს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური, რომელსაც შესაძლოა, MH17-ის ჩამოგდებასთან აქვს კავშირი
დააკავეს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური, რომელსაც შესაძლოა, MH17-ის ჩამოგდებასთან აქვს კავშირი

უკრაინულმა სპეცსამსახურებმა ქალაქ სნეჟნოეში თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ საჰაერო თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმირ ცემახი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია დაკავებულის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცემახი ივნისის ბოლოს უკრაინული სპეცსამსახურების მიერ პრორუსი სეპარატისტების მეირ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მას ბრალად ედება ტერორისტული დაჯგუფებისა ან ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა, რაც უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, რვიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. ცემახი ამჟამად კიევშია გადაყვანილი.

უკრაინული მედიის ცნობით, ცემახი შესაძლოა, ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიმავალი რეისი MH17-ის ჩამოგდების საქმეში მნიშვნელოვანი ფიგურანტი იყოს. ქალაქი სნეჟნოე თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან ახლოს მდებარეობს.

უკრიანული ვებგვერდ „მორიტვორეცის“ ბაზაში აღნიშნულია, რომ ცემახი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მებრძოლია, რომელიც 2014 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში და ქალაქ სნეჟნოეს ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა.

ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიმავალი რეისი 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის რეგიონში ბუკის ტიპის სარაკეტო სისტემიდან გაშვებული ჭურვით ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი 298 ადამიანი გარდაიცვალა. მგზავრთა შორის 80 ბავშვი იყო.