ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ რუსეთთან მიმართებით
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ რუსეთთან მიმართებით

პრაგმატული პოლიტიკა სარგებლობს ძალიან ფართო მხარდაჭერით ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან,  აქედან გამომდინარე, უნდა გავაგრძელოთ ამ მიდგომით მუშაობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ რუსეთთან მიმართებით. ამ პოლიტიკას აქვს ეკონომიკური ასპექტიც, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის მნიშვნელოვანი იმ მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში და ქართველებისთვისაც, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში. ამის უგულვებელყოფა არ შეიძლება. ამ ინტერესის გათვალისწინებას ეფუძნება ჩვენი საერთო, პრაგმატული პოლიტიკა და მათ შორის მისი ეკონომიკური ასპექტებიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა ვითარების არევა, რაც კობახიძის შეფასებით, „გარკვეული დოზით მოახერხეს“.

„ჩვენს მთავარ ოპონენტს, „ნაციონალურ მოძრაობას“, სურდა აქ ვითარების არევა, მათ შორის ეკონომიკური კუთხით პრობლემების შექმნა. აშკარა იყო მათი მიზანი და ამოცანა. სამწუხაროდ, გარკვეული დოზით, მათ მოახერხეს ამ მიზნის მიღწევა, თუმცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ სტატუს-კვოს, რომელიც ჩამოყალიბებული იყო, თუნდაც ერთი თვის წინ.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ პრაგმატული პოლიტიკა სარგებლობს ძალან ფართო მხარდაჭერით ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ყველას მოწონებას იმსახურებს. აქედან გამომდინარე, უნდა გავაგრძელოთ ამ მიდგომით მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.