The Cranberries-ის სოლისტი დოლორეს ო'რიორდანი გარდაიცვალა
The Cranberries-ის სოლისტი დოლორეს ო'რიორდანი გარდაიცვალა

ირლანდიური როკ-ჯგუფის The Cranberries-ის სოლისტი დოლორეს ო’რიორდანი ლონდონში, 46 წლის ასაკში ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. მუსიკოსის  გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

როგორც მომღერლის წარმომადგენელმა განაცხადა, სიკვდილი მოულოდნელი იყო, ოჯახი მომხდარის გამო განადგურებულია და ამ რთულ დროს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ითხოვს.

ო’რიორდანი ჯგუფ The Cranberries-ს 1990 წელს 18 წლის ასაკში შეუერთდა. 2003 წლიდან მან სოლო კარიერა გააგრძელა. ის დაქორწინებული იყო ჯგუფ Duran Duran-ის ყოფილ მენეჯერზე. მას ხუთი შვილი დარჩა.

ჯგუფ The Cranberries-მა ბოლო ალბომი 2017 წლის დასაწყისში გამოუშვა. ივლისში როკ-ჯგუფმა აშშ-სა და ევროპაში დაგეგმილი ტურნე გააუქმა. გავრცელებული ინფორმაციით, ტურნეს გაუქმების მიზეზი ო’რიორდანის ჯანმრთელობას უკავშირდებოდა.