COVID-19-ის ვაქცინა აბის ფორმით, მალე კლინიკური ცდების ფაზაში შევა — #1tvმეცნიერება
COVID-19-ის ვაქცინა აბის ფორმით, მალე კლინიკური ცდების ფაზაში შევა — #1tvმეცნიერება

კორონავირუსის ვაქცინა, რომელსაც აბის ფორმა აქვს, წელს შეიძლება კლინიკური ცდების პირველ ფაზაში შევიდეს.

კომპანია Oravax-ი, რომელიც ამ პრეპარატზე მუშაობს, პრესრელიზში იუწყება, რომ ადამიანებში კლინიკური ცდების პირველი ფაზის დაწყებას ივნისში გეგმავს.

ეს ეტაპი ვაქცინაზე მუშაობის ყველაზე ადრეული ფაზაა. არ არსებობს წარმატების გარანტია და იმ შემთხვევაშიც კი, თუ წარმატებული აღმოჩნდა, ავტორიზაცია შეიძლება ერთი წლის შემდეგ მიიღოს (Moderna-მ და Pfizer-მა ადამიანებში კლინიკური ცდები 2020 წლის მარტსა და მაისში დაიწყეს).

ორალურ ვაქცინებს „მეორე თაობის“ ვაქცინებს უწოდებენ და ქმნიან იმისათვის, რათა იყოს უფრო მასშტაბური, ადვილად გასავრცელებელი და მისაღები.

Oravax-ი ორი კომპანიის ერთობლივი საწარმოა: ისრაელურ-ამერიკული კომპანია Oramed-ი და ინდური Premas Biotech-ი.

Oramed-ის ხელმძღვანელის, ნადავ კიდრონის განცხადებით, ორალურ ვაქცინებს აქვს პოტენციალი, რომ ხალხმა ის თავად, სახლში მიიღოს.

მისივე თქმით, ვაქცინის გადატანა შესაძლებელია ჩვეულებრივი მაცივრით, შენახვა კი ოთახის ტემპერატურაზე, რაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მის გადანაწილებას აადვილებს.

ინგლისის აღმოსავლეთ ანგილიის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი პოლ ჰანტერი აღნიშნავს, რომ საჭიროა დიდი სიფრთხილე.

„გვჭირდება სათანადოდ ჩატარებული კვლევები, რომლებიც ორალური ვაქცინის მოქმედებას დაადასტურებს. ასეთი ვაქცინა ასევე შეიძლება ღირებული იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ნემსის ფობია აქვთ“, — ამბობს ჰანტერი.

მისივე განცხადებით, ორალურ ვაქცინას მკლავში გასაკეთებელთან შედარებით, შეიძლება სხვა ბენეფიტებიც ჰქონდეს.

„სისტემატიური, ინექციური ვაქცინები ზოგადად ძალიან კარგად ახერხებს მწვავე დაავადებათა პრევენციას, მაგრამ ხშირად ისინი ვერ ახდენს ინფექციის პრევენციას“, — აღნიშნავს ჰანტერი.

თეორია მდგომარეობს იმაში, რომ ინფექცია პირველად ცხვირსა და ყელში ხვდება, ამ ზონებზე ფოკუსირებული ვაქცინები კი ინფექციას იქამდე აჩერებს, ვიდრე განვითარდება და მდგომარეობას გააუარესებს.

Oravax-ის ვაქცინის შესახებ მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

„ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგები შემაგულიანებელია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოველებში მიღებული შედეგები ადამიანებში ყოველთვის იგივე არ არის. ამისათვის საჭიროა ადამიანებზე ჩატარებული ცდები“, — ამბობს ჰანტერი.

მიმდინარეობს მუშაობა მეორე თაობის სხვა ვაქცინებზეც, მაგალითად, ცხვირში შესასხურებელზე. მეცნიერები ასევე მუშაობენ ვაქცინებზე, რომლებსაც კანზე დასაკრავი ლენტის სახე აქვს.

ოქსფორდი/AstraZeneca-ს ვაქცინის ჯგუფის უფროსი მეცნიერი, პროფესორი სარა ჯილბერტი ამბობს, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტში განიხილავენ ტაბლეტებისა და ცხვირის სპრეის სახით მისაღებ ვაქცინათა შესაძლებლობას. ამ ეტაპზე, ოქსფორდის უნივერსიტეტი ამ საკითხზე დამატებით კომენტარს არ აკეთებს.

კიდევ ერთი კომპანია, ImmunityBio ვაქცინის ორალური ვერსიის კლინიკური ცდების პირველ ფაზას აწარმოებს. თუმცა, ეს ვაქცინა უფრო შიდაკუნთოვანი ვაქცინის მეორე, გამაძლიერებელი დოზა იქნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლის ბოლოს, ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Vaxart-მა მის მიერ შექმნილი ორალური ვაქცინა ცხოველებში წარმატებით გატესტა, მაგრამ ადამიანებზე დაწყებულ კვლევაში პრეპარატმა კრახი განიცადა, ვერ უზრუნველყო ანტისხეულების წარმოქმნა.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი