ბრიტანულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ კორონავირუსის ვაქცინის აბების სახით წარმოების მეთოდი შექმნა — #1tvმეცნიერება
ბრიტანულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ კორონავირუსის ვაქცინის აბების სახით წარმოების მეთოდი შექმნა — #1tvმეცნიერება

გაერთიანებულ სამეფოში, სასექსის საგრაფოში, ბიოტექნოლოგიური კომპანია მუშაობს კორონავირუსის ინოვაციურ ვაქცინაზე, რომლის მიღებაც აბების სახით იქნება შესაძლებელი.

კომპანია IosBio-მ ინექციური ვაქცინების ორალურ ტაბლეტებად გადაქცევის მეთოდი შეიმუშავა და ამჟამად, ამ ტექნოლოგიის კლინიკურ ცდებში შემოწმებაზე კალიფორნიულ კომპანია ImmunityBio-სთან ერთად მუშაობს.

მაიმუნებზე ჩატარებულმა კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ iosBio-ს ტექნოლოგიით დამზადებული ორალური ვაქცინა ძლიერ ეფექტიანია. ImmunityBio-ს მიერ შექმნილი ინექციური ვერსია ამჟამად კლინიკური ცდების მეორე-მესამე ფაზას გადის.

ორალური ვაქცინის კლინიკური ცდები აშშ-ში იანვრის ბოლოს დაიწყება და ImmunityBio მარეგულირებელს ცდების ბრიტანეთში დაწყების ნებართვისთვისაც მიმართავს.

ამ სახის ვაქცინის საბოლოოდ დამტკიცებამდე, თუ ეს საერთოდ მოხდა, ჯერ მრავალი თვე გვაშორებს, მაგრამ აბებზე დაფუძნებული ვაქცინა გაცილებით მარტივი იქნება ტრანსპორტირებისა და ადმინისტრირებისთვის, ვიდრე ინექციური ვაქცინები; ამან კი შეიძლება დრამატულად დააჩქაროს მოსახლეობის იმუნიზაცია მთელ მსოფლიოში.

„ჩვენი კაფსულის შემთვევაში, თქვენ არ გჭირდებათ სამედიცინო პროფესიონალი ვაქცინის გასაკეთებლად, შესაძლებელი იქნება ფაქტობრივად ყველას ერთობლივად ვაქცინირება“, — ამბობს iosBio-ს აღმასრულებელი დირექტორი ვეინ ჩენონი.

iosBio-ს ტექნოლოგიას OraPro ეწოდება. ის ვაქცინას აბების სახეს აძლევს, რომლებიც 50 გრადუსამდე ტემპერატურას უძლებს, კუჭ-ნაწლავში მოხვედრის შემდეგ კი მას პირდაპირ ლორწოვანი გარსი შეიწოვს.

„ინექციის სახით მკლავში გაკეთებული ვაქცინა კუნთში და სისხლის უჯრედებში შედის. ჩვენი ტაბლეტები პირდაპირ ლორწოვანი გარსის უჯრედებში შედის, რათა წარმოქმნას ლორწოვანი გარსის იმუნიტეტი, რომელიც შემდეგ ვირუსს იქ დაარტყამს, სადაც არის“, — ამბობს ჩენონი.

„ვირუსთან კონტაქტისას, თქვენ მას ისუნთქავთ ან ყლაპავთ და თქვენი იმუნური სისტემის უჯრედების 80 პროცენტი ლორწოვან გარსებშია მოქცეული; შესაბამისად, პირდაპირ ამ ზონას მივმართეთ. ვფიქრობ, ეს ახალი პარადიგმა გახდება ვაქცინაციაში“, — აღნიშნავს ჩენონი.

სალიცენზიო შეთანხმების მიხედვით, ImmunityBio-ს ექსკლუზიური უფლებები გააჩნია ტექნოლოგია OraPro-ზე. სანაცვლოდ, IosBio ჰონორარს მიიღებს დამტკიცებული ვაქცინის გლობალური გაყიდვებიდან.

„მაიმუნებში ორალური ვაქცინით ჩატარებული ცდების შედეგები გამორჩეულია და ვფიქრობ, ორალური ვაქცინაცია სწორი სტრატეგიაა“, — აღნიშნავს ჩენონი.

ImmunityBio-ს ვაქცინა ვირუსული ვექტორის ვაქცინაა და როგორც ჩენონი ამბობს, სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, შეიცავს ორ სხვადასხვა წვეტ ცილას.

IosBio პატარა კერძო კომპანიაა, რომელსაც რამდენიმე ცალკეული მეწილე ფლობს.

„როდესაც კომპანია დავაფუძნეთ, თითქმის შეუძლებელი იყო დიდ ფარმაცევტულ კომპანიებთან კონკურენცია; ჩვენი ტექნოლოგიით არავინ ინტერესდებოდა და როგორც ჩანს, ვერც ვერავინ აცნობიერებდა გაყინული ვაქცინების დისტრიბუციის პრობლემას. თუმცა, პანდემიამ ეს პრობლემა და ამ ტექნოლოგიის საჭიროება სააშკარაოზე გამოიტანა“, — ამბობს iosBio-ს აღმასრულებელი დირექტორი ვეინ ჩენონი.

მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი