COVID-19-ის რომელი ვაქცინაა საუკეთესო — რატომ არის ამ კითხვაზე პასუხი ზედმეტად რთული #1tvმეცნიერება
COVID-19-ის რომელი ვაქცინაა საუკეთესო — რატომ არის ამ კითხვაზე პასუხი ზედმეტად რთული #1tvმეცნიერება

COVID-19-ის ვაქცინების მსოფლიოში გავრცელება აჩქარდა და სულ უფრო ბევრ ადამიანს აინტერესებს, რომელი ვაქცინაა საუკეთესო.

რაც არ უნდა ვცადოთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, სულაც არ არის მარტივი იმის გადაჭრით განსაზღვრა, რომელი ვაქცინაა „საუკეთესო“.

გულისხმობს თუ არა ვაქცინის მიერ დაავადების გართულებისგან დაცვას? თქვენს სიახლოვეს ცირკულირებადი ნებისმიერი შტამისგან დაცვას? ვაქცინას, რომელსაც უფრო ცოტა გამაძლიერებელი დოზები სჭირდება? თქვენი ასაკობრივი კატეგორიისთვის განკუთვნილს? თუ სრულიად სხვა რაიმე საზომს?

იმ შემთხვევაშიც კი, თუ განვსაზღვრავთ, რას გულისხმობს „საუკეთესო“, ვაქცინების არჩევანში მაინც არ უნდა შეხვიდეთ. იქამდე, ვიდრე ამდენი ვაქცინა გახდებოდა ხელმისაწვდომი, ადამიანთა აბსოლუტური უმეტესობა მთელ მსოფლიოში იცრებოდა იმ ვაქცინით, რომელიც ხელმისაწვდომი იყო.

ეს კი ეფუძნება არსებულ კლინიკურ მონაცემებს და ოფიციალურ უწყებათა რეკომენდაციებს, ანდაც თქვენი ექიმის რჩევებს თქვენივე თანმხლები დაავადებებიდან გამომდინარე. შესაბამისად, გულწრფელი პასუხი კითხვაზე, რომელი კოვიდვაქცინაა „საუკეთესო“, უბრალოდ არის ის, რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომია.

მაინც არ ხართ დარწმუნებული? გეტყვით, რატომ არის ზედმეტად რთული კოვიდვაქცინების ერთმანეთთან შედარება.

კლინიკური კვლევის შედეგები მხოლოდ გარკვეულ ეტაპამდე მიდის

შეიძლება ფიქრობდეთ, რომ კლინიკური ცდები პასუხს გვაძლევს „საუკეთესო“ ვაქცინის შესახებ, განსაკუთრებით კი ფართომასშტაბიანი მე-3 ფაზა, რომელიც მთელ მსოფლიოში წარმოადგენს დამტკიცების საფუძველს მარეგულირებელ ორგანოთათვის.

ეს ცდები ძირითადად ათობით ათას ადამიანზე ტარდება და ერთმანეთს ადარებს COVID-19-ის შემთხვევათა რაოდენობებს ვაქცინირებულ და პლაცებო მიღებულ ადამიანებში. ასე იზომება ეფექტიანობა, ანუ რამდენად კარგად მუშაობს ვაქცინა კლინიკური ცდის მკაცრად კონტროლირებად გარემოში.

შედეგად კი ვიცით, რომ სხვადასხვა კოვიდვაქცინის ეფექტიანობა სხვადასხვაა. მაგალითად, კლინიკური ცდებით დადგინდა, რომ Pfizer-ის ვაქცინა 95 პროცენტით ეფექტიანია სიმპტომების პრევენციის თვალსაზრისით, AstraZeneca-ს შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 62-90პროცენტია, დოზირების გრაფიკის შესაბამისად.

თუმცა, მესამე ფაზის ცდების პირდაპირი შედარება კომპლექსურია, რადგან ისინი სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა დროს ტარდება. ეს კი ნიშნავს, რომ შეიძლება ცვალებადი იყოს საზოგადოებაში ინფექციის მაჩვენებლები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომები და სხვადასხვა ვირუსული შტამების გავრცელება. ცდის მონაწილეები ასევე განსხვავდებიან ასაკით, ეთნიკურობითა და პოტენციური თანმხლები დაავადებების მიხედვით.

ვაქცინების პირისპირ შედარება

ვაქცინების ეფექტიანობის პირდაპირი შედარების ერთი გზაა ერთმანეთის პირისპირ კვლევები.ასეთ შემთხვევაში, ერთი ვაქცინით აცრილ ადამიანებში დაფიქსირებულ შედეგებს მეორე ვაქცინით აცრილთა შედეგებს ადარებენ, ერთსა და იმავე ცდაში.

ასეთ კვლევებში, ერთნაირია ეფექტიანობის გაზომვის გზა, კვლევის პოპულაცია და ყოველი სხვა ფაქტორი. შესაბამისად, ვიცით, რომ შედეგებში დაფიქსირებული ნებისმიერი განსხვავება უნდა დავიყვანოთ ვაქცინებს შორის განსხვავებამდე.

მაგალითად, პირისპირი ცდა ამჟამად გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს და ერთმანეთს ადარებენ AstraZeneca-სა Valneva-ს ვაქცინებს. მესამე ფაზის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება.

რა ხდება რეალურ ცხოვრებაში?

ვიდრე პირისპირი ცდების შედეგებს ველოდებით, ძალიან ბევრი რამის გარკვევა შეგვიძლია ფართო საზოგადოებაში, კლინიკურ ცდებს მიღმა ვაქცინების მოქმედების შესახებ. რეალური ცხოვრების მონაცემები ვაქცინების ქმედითობის შესახებ გვეუბნება.

კოვიდვაქცინების ქმედითობა კი შეგვიძლია შევადაროთ იმ ქვეყნებში, სადაც ერთსა და იმავე პოპულაციაში სხვადასხვა ვაქცინებს იყენებენ.

მაგალითად, ბრიტანეთის უახლესი მონაცემების მიხედვით, Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს ერთნაირი ეფექტიანობა აქვთ. ორივე მათგანი საიმედოდ ახდენს COVID-19-ის სიმპტომების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის პრევენციას ერთი დოზის მიღების შემდეგაც კი.

გამომდინარე აქედან, ის, რაც ერთი შეხედვით „საუკეთესო“ ჩანს კლინიკური ცდების ეფექტიანობის შედეგების მიხედვით, ყოველთვის ასე არ არის რეალურ ცხოვრებაში.

რაც შეეხება მომავალს?

კოვიდვაქცინა, რომელსაც დღეს გაიკეთებთ, დიდი ალბათობით უკანასკნელი არ იქნება. ვინაიდან იმუნიზაციის შემდეგ იმუნიტეტი თანდათანობით ბუნებრივად მიილევა, ეფექტიანი თავდაცვისთვის საჭირო გახდება პერიოდული გამაძლიერებელი დოზები.

უკვე არსებობს იმედისმომცემი შედეგები ესპანეთიდან, სადაც ვაქცინების შერევამ ძალიან ძლიერი იმუნური პასუხები გამოიწვია. შესაბამისად, ეს შეიძლება ღირებული სტრატეგია იყოს დროთა განმავლობაში ვაქცინების მაღალი ქმედითუნარიანობის შესანარჩუნებლად.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „საუკეთესო“ ვაქცინა შეიძლება სინამდვილეში რამდენიმე სხვადასხვა ვაქცინა იყოს.

ვირუსის შტამებმა ცირკულირება უკვე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი ვაქცინები ამ შტამების წინააღმდეგ შედარებით ნაკლებ თავდაცვას აჩვენებს, ისინი მაინც გვიცავს.

კომპანიები, მაგალითად, Moderna, საკუთარ ვაქცინებს სწრაფად აახლებენ, რათა კონკრეტულ შტამებზე მორგებული გამაძლიერებელი დოზები შექმნან.

შესაბამისად, ერთ ვაქცინას შეიძლება დიდი ეფექტიანობა ჰქონდეს კლინიკური ცდების მესამე ფაზაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად „საუკეთესო“ იქნება სამომავლო შტამების წინააღმდეგ.

საუკეთესოა ის ვაქცინა, რომლის გაკეთებაც ახლავე შეგიძლიათ

სრულიად რაციონალურია, რომ ხელმისაწვდომთა შორის „საუკეთესო“ ვაქცინა გსურდეთ. თუმცა, საუკეთესო სწორედ ის ვაქცინაა, რომელიც თქვენთვის ამჟამად არის ხელმისაწვდომი, რადგან ის გიცავთ COVID-19-ისგან, ამცირებს გადადების მაჩვენებელს და თითქმის მთლიანად გიცავთ დაავადების გამწვავების რისკისგან.

ამ საქმეს ყველა ხელმისაწვდომი ვაქცინა აკეთებს და თანაც კარგად. კოლექტიური გადმოსახედიდან, ეს ბენეფიტები რთული შემადგენლობისაა. რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, მით მეტად იმუნური ხდება საზოგადოება (ე. წ. ჯოგური იმუნიტეტი) და მცირდება COVID-19-ის გართულება.

გლობალური პანდემია ძლიერ დინამიკური სიტუაციაა. შემაშფოთებელია ვირუსულ შტამთა გამოჩენა, ვაქცინებით გლობალური მომარაგების არასაიმედოობა, მთავრობების არაერთგვაროვანი ქმედება და ფეთქებადი გავრცელების პოტენციალი მრავალ რეგიონში.

გამომდინარე აქედან, უბადლო ვაქცინის ლოდინი მიუწვდომელი ამბიციაა და მეტი არაფერი. ყოველი აცრილი ადამიანი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნორმალური მსოფლიოს დაბრუნებისკენ.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.