ცოტნე ჯაფარიძე - სახელმწიფო ტურიზმის სექტორს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოყვანითა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით უნდა დაეხმაროს
ტურიზმის სექტორში რუსეთიდან მომდინარე რისკების დაბალანსება შესაძლებელია, თუ სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად იმუშავებენ. რასაც კერძო სექტორი ვერ შეძლებს და მხოლოდ სახელმწიფოს კომპეტენციაში შედის, არის დაბალბიუჯეტიანი ახალი ავიაკომპანიების შემოყვანა და სამგზავრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, – ამის შესახებ ტურისტული კომპანიის „ტრაფიკ თრეველის“ მმართველმა პარტნიორმა, ცოტნე ჯაფარიძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.
გადაცემაში ტურისტული ინდუსტრიის გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ რუსი ტურისტების მზარდი ნაკადის დაკარგვა ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას საფრთხის წინაშე აყენებს.
ჯაფარიძის განცხადებით, კარგი იქნებოდა, 2006 წელს რუსეთის მიერ საქართველოზე დაწესებული ემბარგოს უარყოფითი შედეგებიდან გამომდინარე, ქვეყნის ტურისტულ სექტორს ბაზრის მეტი დივერსფიკაცია მოეხდინა.
„ჩვენ საერთოდ არ ვოპერირებთ რუსეთის ბაზარზე. ეს გადაწყვეტილება წლების წინ მივიღეთ, სწორედ იმ რისკებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანამ 2006 წელს ერთხელ უკვე იწვნია, როდესაც რუსეთმა სავაჭრო ემბარგო აამოქმედა და ღვინის სექტორი ძალიან დაზარალდა“, – განმარტა ჯაფარიძემ.
„ტრაფიკ თრეველის“ მმართველი პარტნიორი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სტრატეგიაში პრიორიტეტულ ბაზრებად ისეთი ქვეყნები შეიტანა, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია და საფრანგეთი. თუმცა, ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანას ტურისტული ბაზრების მეტი დივერსიფიკაცია აქამდეც მოეხდინა.
„ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით და ქვეყნის ტურიზმის სტრატეგია იქით უნდა ყოფილიყო მიმართული, რომ ბაზარი დივერსიფიცირებული ყოფილიყო და ერთ-ერთ ბაზარზე არ ყოფილიყო მეტად დამოკიდებული. საბედნიეროდ, როდესაც წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სტრატეგია გამოაცხადა, პრიორიტეტული მიზნობრივი ბაზრების სიაში მოხვდა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია და საფრანგეთი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი შეფასებით, არსებული გამოწვევებიდან გამოსავალი აუცილებლად მოიძებნება, თუ კერძო სექტორი და სახელმწიფო ერთად იმუშავებენ. თუმცა, მისი აზრით, არის საკითხები, რაც ტურიზმის ინდუსტრიისთვის აუცილებელია და მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია, მოაგვაროს. ასეთ საკითხებად ჯაფარიძე თბილისსა და ქუთაისის აეროპორტს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განვითარებასა და ქვეყანაში ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოყვანას ასახელებს.
„გამოსავალი ყოველთვის არსებობს, თუ მონდომება იქნება. თუ ამაზე ტურიზმის სექტორი და სახელმწიფო ერთად იმუშავებენ, ზარალიც შემცირდება. ერთ-ერთი, რასაც კერძო სექტორი ვერ გააკეთებს და სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, არის ახალი ავიამიმართულებების შემოყვანა და ინფრასტრუქტურის განვითარება. რამდენი წელია, საუბარია, ავიაკომპანია „რაიან ეარის“ შემოყვანაზე საქართველოში, რომელიც ისეთივე სისტემით მუშაობს, როგორც „ვიზ ეარი“, ანუ არის დაბალბიუჯეტიანი და დაფრინავს სხვა მიმართულებებზეც. ეს ბაზრის დივერსიფიკაციას შეუწყობდა ხელს. თანაც, „ვიზ ეარს“ კონკურენტი გაუჩნდება, რაც ბილეთების ფასზეც აისახებოდა. „რაინ ეარი“ და „იზი ჯეტი“ – შემოსაყვანდ ორივე ძალიან კარგია. ახალი ფრენების დამატებამ რომ გაამართლოს, აუცილებელია, ქუთაისის აეროპორტის თბილისთან რკინიგზით დაკავშირება, რაც ტურისტებისთვის მგზავრობას ბევრად კომფორტულს გახდის. რეისები, რომელიც გვიან ჩამოდის, მგზავრებს დისკომფორტს უქმნის“, – განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ „ბიზნესპარტნიორში“.