ცოტნე გამსახურდიას ოჯახი პროკურატურაში საქმის მასალებს ეცნობა
ცოტნე გამსახურდიას ოჯახი პროკურატურაში საქმის მასალებს ეცნობა

ცოტნე გამსახურდიას ოჯახი თბილისის პროკურატურაში საქმის დამატებით მასალებს გაეცნობა.

როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის მათ ნანახი აქვთ „საქმის ფიგურანტების, დანაშაულის უშუალო ჩამდენი პირებისა და მათი ადვოკატების, ასევე  ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები“.

კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ცოტნე გამსახურდიაზე განხორციელდა თავდასხმა და ეს იყო განზრახ ჩადენილი დანაშაული.

გამსახურდიას განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს, რასაც დღეს გამომძიებლების წინაშე დასვამს.

„კითხვები, რასაკვირველია, არის, რამდენადაც ჩვენს ქვეყანაში ჯერაც არ არის გამართული გამოძიების სისტემა. სასამართლოსთანაც იყო კითხვები სხვათაშორის, როდესაც ის ერთი ფიგურანტი გაუშვეს და ეს კითხვები რჩება“ ,- განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

მან არ გამორიცხა, საქმეში სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

„ძალიან ადვილი შესაძლებელია, რომ დადგეს სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც. ეს იყო თავდასხმა,  მოტივი უნდა გაირკვეს. ვარაუდებზე ვერ ვისაუბრებ. თავიდანვე, ჩემი პოლიტიკა იყო ასეთი, რომ ვარაუდებს არ ვახმოვანებდი“, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

ამასთან, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის განცხადებით, დაჭრის ფაქტიდან რამდენიმე დღეში, როცა საქმის მასალებს გაეცნენ, საკმაოდ ბევრი სამუშაო იყო ჩატარებული, ახლა კი, სამი კვირის თავზე გამოძიებისგან მეტ დეტალს ელოდებიან.

„პირველად საქმეს გაგვაცნეს სულ რაღაც ორი-სამი დღის შემდეგ. მაშინ მართლა ბევრი სამუშაო იყო ჩატარებული, ახლა უკვე სამი კვირა გავიდა და გაცილებით მეტ დეტალს ველოდებით. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს ახალი დამნაშავეები გამოვლენილი, შეიძლება იყოს რაღაც ცვლილებები. ძალიან მაინტერესებს სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლებულ დამნაშავის ერთ-ერთ ძმასთან დაკავშირებით, რომელიც არასაკმარისი სამხილების გამო გაათავისუფლეს, ახლა რა ეტაპზეა ძიება. გარდა ამისა, მაინტერესებს თუ ამოიღეს ცოტნესთან შემავალი ზარები და თუ აქვთ ინფორმაცია ამის შესახებ. მაინტერესებს ყველაფერი, რაც გამოძიებას ეხება. ახლა უკვე საკმაოდ დიდი დროა გასული. დანაშაულის იარაღთან დაკავშირებით ექსპერტიზაც უნდა ჩატარებულიყო, ახლა ამასაც გავიგებთ. კითხვები ძალიან ბევრი გვაქვს“ ,-  განაცხადა ჯაბაურმა.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა.

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს – ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ქვათაძე კი საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.