ცოტნე გამსახურდია - მე და ჩემი ოჯახი ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ზვიად გამსახურდიას საქმეზე შედეგი დადგეს
ცოტნე გამსახურდია - მე და ჩემი ოჯახი ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ზვიად გამსახურდიას საქმეზე შედეგი დადგეს

მე და ჩემი ოჯახი ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ზვიად გამსახურდიას საქმეზე შედეგი დადგეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, ცოტნე გამსახურდიამ განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლებას დღეს არაფერი უშლის ხელს, რომ ეს საქმე გამოიძიოს.

ცოტნე გამსახურდიამ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დამსახურებებზე ისაუბრა.

„ზვიად გამსახურდიას ღვაწლზე შეიძლება ბევრი ისაუბრო სხვადასხვა ჭრილში, ეს იქნება ფილოლოგია, პოეზია, პოლიტიკა და სხვა, მაგრამ არსებობს რაღაც მთავარი გზავნილები, რაც ჩემი აზრით, დარჩება შთამომავლობას და რაზეც უნდა დაეფუძნოს ამ ქვეყნის განვითარება. ეს არის როგორც პიროვნული განსჯის უნარი, საკუთარი აზრის ქონის, ამ აზრის არტიკულაციისა და გამოხატვისთვის ბრძოლის უნარი. ეს არის ზვიად გამსახურდიას მთავარი მემკვიდრეობა და სწორედ ამაზე უნდა აღვზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა, ამაზე დაეფუძნოს ჩვენი ქვეყნის შენება. ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ ერთპარტიულობას, ერთ გაბატონებულ აზრს და მორჩილებას.

რაც შეეხება გამოძიებას, „ქართული ოცნების“ არის დღეს პარლამენტიც, მთავრობაც, პროკურატურაც, ბარიც და რესტორანიც, ასე რომ, მათ არავინ და არაფერი უშლით ხელს ამ საქმის გამოძიებაში. მე ვერც შევაჩერებ და ვერც ხელს შევუწყობ, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ. მე ვიცი ერთი, რომ მე და ჩემი ოჯახი ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ აქ შედეგი დადგეს“, – განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერეს.

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა. მის სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. 1990 წლის 14 ნოემბერს გამართულ პირველ სესიაზე, ახლად არჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია თავმჯდომარედ აირჩია. იმავე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანას „საქართველოს რესპუბლიკა“ უწოდეს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა – დროშა, გერბი და ჰიმნი აღადგინეს. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის გაზაფხულზე აირჩიეს და 1992 წლის დასაწყისში, სამხედრო გადატრიალების შედეგად, ქვეყნიდან განდევნეს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში დაიღუპა.