ცოცხალ არამიწიერ ცივილიზაციას სავარაუდოდ ვერასდროს ვიპოვით - ახალი კვლევა
არამიწიერი სიცოცხლის ძებნა გრძელდება, მაგრამ ძალიან მცირეა ისეთი უცხო ცივილიზაციის სიგნალის დაჭერა, რომელიც შესაძლოა, ჯერ კიდევ ცოცხალი იყოს. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.
პრობლემა ის არის, რომ დიდი ალბათობით, ცივილიზაციები ვერ ცოცხლობენ იმდენ ხანს, რამდენიც მათ სიგნალებს ჩვენამდე მოსაღწევად სჭირდება.
უახლესი გათვლები წარმოადგენს ლეგენდარული დრეიკის განტოლების განახლებას. ეს განტოლება, რომელიც 1961 წელს ამერიკელმა ასტრონომმა ფრენკ დრეიკმა შექმნა, გვთავაზობს გარკვეულ გათვლებს, რამდენი არამიწიერი სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს სამყაროში.
ისეთი ცვლადების გამოყენებით, როგორებიც არის ყოველწლიურად დაბადებულ ვარსკვლავთა ოდენობა, მათთან არსებული პოტენციურად სასიცოცხლო პლანეტების რიცხვი და ორგანული სიცოცხლის განვითარების შანსი, განტოლება გარკვეულ მოსაზრებას გვთავაზობს არამიწიერი სიგნალების მიღების ალბათობასთან დაკავშირებით.
ახლახან განახლებული რიცხვების მიხედვით, ამის ალბათობა იმედისმომცემი არ ჩანს.
„თუკი რომელიმე ცივილიზაცია სიგნალებს ჩვენი გალაქტიკის მეორე მხრიდან გამოყოფს, როცა ეს სიგნალი ჩვენთან მოვა, ცივილიზაცია უკვე გამქრალი იქნება“, — უთხრა გამოცემა Science News-ს მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, კლაუდიო გრიმალდიმ.
მკვლევართა ჯგუფში თავად ფრენკ დრეიკიც შედიოდა. იგი ამჟამად სანტა-კრუსის კალიფორნიის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორია.
დრეიკის განტოლების თითოეულ ცვლადზე კამათი შეიძლება, მაგრამ მეცნიერები ცივილიზაციის 100 000-წლიან არსებობას გარკვეულ ნიშნულად მიიჩნევენ. სწორედ ეს დრო სჭირდება სინათლეს ჩვენი გალაქტიკის ერთი ბოლოდან მეორეში მისასვლელად. როგორც კვლევა ასკვნის, ის ცივილიზაციაც კი, რომელიც ამდენ ხანს იარსებებს, სიგნალებით შეავსებს გალაქტიკის „მხოლოდ პატარა მონაკვეთს“.
მაგალითად, ჩვენგან კოსმოსში სიგნალები ჯერ მხოლოდ 80 სინათლის წელიწადზეა გასული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ სიგნალებს ჯერ დაფარული აქვთ ირმის ნახტომის მხოლოდ 0,001 პროცენტი.
გარდა ამისა, კოსმოსში ჩვენ მიერ გაგზავნილ სიგნალთა სიხშირიდან გამომდინარე, არამიწიერი ცივლიზაცია ჩვენგან 50 სინათლის წლის რადიუსში უნდა იყოს, რათა საპასუხო სიგნალი დაგვიბრუნოს.
როგორც მონაცემები აჩვენებს, მიუხედავად იმისა, რომ 100 000 წელიწადზე მეტხანს არსებულმა რომელიმე არამიწიერმა ცივილიზაციამ გალაქტიკა სიგნალებით შეავსოს, ნაპრალები მაინც გაჩნდება, თუ ახალი ცივილიზაციები არც თუ ისე ხშირად გაჩნდებიან, რათა სიგნალებს შორის წყვეტა შეავსონ.
კიდევ ერთი საინტერესო მიგნება ის არის, რომ იმ არამიწიერ სიგნალთა ოდენობა, რომლებმაც ნებისმიერ დროს შეიძლება გადაკვეთოს დედამიწა, უნდა შეესაბამებოდეს ამჟამად არსებულ ცივილიზაციათა რიცხვს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს სიგნალები წარსულ ცივილიზაციას ეკუთვნის თუ ამჟამინდელს.
მთელი ამ გათვლების მიზანია უკეთესი პერსპექტივის შექმნა არამიწიერ სიცოცხლის ფორმებთან საკონტაქტოდ, რაც ამ დრომდე ვერაფრით შევძელით. იქნებ იმის გამო, რომ ჩვენ მიღმა არავინაა? ან იქნებ იმიტომ, რომ მათი სიგნალების დასაჭერად ძალიან პატარა შანსი გვაქვს?
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ განახლებული დრეიკის განტოლება დაგვეხმარება კოსმოსში რადიოსიგნალების დაჭერაში, რადგან მიგვითითებს, საით მივმართოთ ჩვენი მძლავრი ტელესკოპები.
მკვლევრები თანხმდებიან, რომ არ უნდა ველოდოთ ჯერ კიდევ ცოცხალი არამიწიერი ცივილიზაციის სიგნალების დაჭერას.
„დედამიწასთან მოსული სიგნალი შეიძლება ეკუთვნოდეს შორეულ ცივილიზაციას, რომელიც დიდი ხნის წინ გაქრა, ამჟამად არსებული ცივილიზაციების სიგნალები კი ჯერ გზაში იყოს“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა ჯერ რეცენზირებული არ არის. პირველადი ვერსიის ხილვა შეგიძლიათ arXiv.org-ზე.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით