ლიბიაში არალეგალ მიგრანტებს აუქციონზე მონებად ყიდიან. ამის შესახებ ექსკლუზიურ მასალას ამერიკული ტელეკომპანია CNN ავრცელებს, რომლის კორესპონდენტმა ლიბიაში ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და უკანონო აუქციონსაც დაესწრო.
გამოძიების თანახმად, აუქციონი ტრიპოლის მახლობლად, ძველი საწყობის ტერიტორიაზე ტარდება. CNN-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დაახლოებით 10-წუთიან მონაკვეთში, აუქციონზე ათობით ადამიანს ყიდიან. მიგრანტის ფასი საშუალოდ 400 დოლარია.
ყოველწლიურად ათი ათასობით მიგრანტი კვეთს ლიბიის საზღვარს, რომ იქიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპის სანაპიროს მიაღწიოს. ბევრი მათგანი ევროპაში ჩასაღწევად ფულის შესაგროვებლად მთელ ქონებას ყიდის.
თუმცა ბოლო პერიოდში ლიბიის სანაპირო დაცვის სამსახურმა, იტალიის სანაპირო დაცვის სამსახურის დახმარებით, ხმელთაშუა ზღვაში პატრულირება გააქტიურა, რის გამოც ლიბიიდან ევროპის მიმართულებით არალეგალი მიგრანტების ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა. მიგრანტების დიდი რაოდენობა კი ლიბიაში ჩარჩა. CNN-ი იტყობინება, ამან განაპირობა ადამიანებით ვაჭრობის ფაქტების ზრდა.
CNN-მა მის მიერ მოპოვებული მასალა ლიბიის ხელისუფებას გადასცა, რომელმაც პირობა დადო, რომ გამოძიებას ჩაატარებს.