CNN - დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინისთვის სირიაზე გარიგების შეთავაზებას აპირებს
CNN - დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინისთვის სირიაზე გარიგების შეთავაზებას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს, შესთავაზოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გარიგება, რომელიც სირიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანას დააჩქარებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, აღნიშნულ ინიციატივაზე დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში იორდანიის მეფე აბდულა მეორესთან შეხვედრისას ისაუბრა.

CNN-ის ცნობით, დონალდ ტრამპის გეგმა იორდანიის საზღვართან სირიის სამხრეთ-დასავლეთ რაიონებს ეხება. აშშ-ის პრეზიდენტის გეგმით, კოალიციური ძალები რუსეთს საშუალებას მისცემენ, დაეხმაროს ბაშარ ასადს, რათა დაიბრუნოს ტერიტორიები იორდანიის საზღვრის გასწვრივ. სანაცვლოდ ტრამპი მოითხოვს გარანტიებს, რომ დამასკომ მისცეს საშუალება აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედ ამბოხებულებს, სხვა რეგიონებში გადაინაცვლონ.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტს სირიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დეესკალაციის ზონების შექმნა და რეგიონში ირანის ძალების ბლოკირება სურს.

ამერიკული ტელეკომპანიის წყაროს ცნობით, სირიიდან ირანის ძალების გაძევება ქვეყნიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის გეგმის მთავარი ნაწილია.

ამავე დროს, CNN-ი აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპის გეგმაზე თანხმობაც რომ განაცხადოს, არსებობს საშიშროება, რომ რუსეთმა ვერ შეასრულოს შეთანხმება.

დონალდ ტრამპი თავის გეგმას ვლადიმერ პუტინს სავარაუდოდ ჰელსინკიში 16 ივლისს დაგეგმილ შეხვედრაზე წარუდგენს.