CNN-ის ჟურნალისტი თეთრ სახლში პრესკონფერენციაზე არ შეუშვეს
CNN-ის ჟურნალისტი თეთრ სახლში პრესკონფერენციაზე არ შეუშვეს

CNN-ის ჟურნალისტი თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე არ შეუშვეს. საუბარია კეტლინ კოლინზზე, რომელიც დონალდ ტრამპისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის შეხვედრას ესწრებოდა. მოგვიანებით, თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა რეპორტიორს უთხრა, რომ მის მიერ დასმული კითხვები „შეუფერებელი და არასათანადო“ იყო და ამის გამო CNN-ის ჟურნალისტს ტრამპისა და იუნკერის პრესკონფერენციაზე შესვლის უფლება არ მისცეს.

როგორც ცნობილია, კოლინზის კითხვები ტრამპისა და პუტინის შეხვედრას და ტრამპისა და მისი ადვოკატის საუბრის ჩანაწერს ეხებოდა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი Playboy-ის ყოფილი მოდელ კარენ მაკდუგალისთვის თანხის გადაცემაზე მსჯელობს.

ჟურნალისტისთვის პრესკონფერენციაზე დასწრების უფლების შეზღუდვა CNN-ის ხელმძღვანელობის გარდა, FOX News-იც გამოეხმაურა და ფაქტი დაგმო. თეთრი სახლის გადაწყვეტილება გააკრიტიკა თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის პრეზიდენტმაც.

„რეპორტიორების მიერ მაღალჩინოსნებისთვის და მათ შორის პრეზიდენტისთვის დასმული კრიტიკული კითხვები, უზრუნველყოფს საზოგადოებისადმი მათ ანგარიშვალდებულებას“, – განაცხადა თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, თეთრ სახლში განმარტეს, რომ CNN-ის ჟურნალისტი ტრამპისა და იუნკერის შეხვედრის დროს „არასათანადო კითხვებს ყვიროდა“ და მას შეხვედრის დატოვება ამის გამო რამდენჯერმე მოსთხოვეს.