ცხვარიჭამიაში საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი მოეწყობა, – ამის შესახებ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პროექტი ევროკავშირისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თანადაფინანსებით განხორციელდება.
„მომავალი წლის ზაფხულში საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკისთვის უკვე მზად იქნება მთლიანად რეაბილიტირებული პროექტი. ფართომასშტაბიანი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს ცხვარიჭამიაში. ბანაკისა და მშენებლობის პროექტი ევროკავშირისა და განათლების სამინისტროს თანადაფინანსებით განხორციელდება. ყოველი პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება, ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს შემდგომი ნაბიჯებისთვის სამომავლო წინსვლისა და განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, „აღმოსავლეთ პარნტიორობის“ ევროპული სკოლა გახდება სამაგალითო არამარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო სწავლის დაწყება ახალგაზრდებს, ვინც ევროპულ სკოლაში ჩაირიცხა და კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იოჰანეს ჰანსს, ყველა ჩვენს მეგობარს ევროკავშირში, რომელთა მხარდაჭერის გარეშე დღევანდელი პროექტი ვერ განხორციელდებოდა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.