ცხრა ბიზნესასოციაცია ბრიუსელს ერთობლივი განცხადებით მიმართავს და მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე დღეს ცხრა ბიზნესასოციაციამ ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი, რომელსაც ბრიუსელში გააგზავნიან. როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის არის მეტი შესაძლებლობა ბიზნესისთვის, რათა ჰქონდეთ წვდომა უფრო სტაბილურ ბაზრებზე და მოიზიდონ მეტი ინვესტორი.
„აღნიშნული ხელმოწერილი განცხადება გადაიგზავნება ბრიუსელში, ყველა თანამდებობის პირთან ევროკავშირში და ეს იქნება ბიზნესის ერთიანი ხმა საქართველოდან. კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთება. პირველი, ეს იქნება სტაბილურობა და ინვესტორებისთვის განსაკუთრებული გარემოს შექმნა. რა თქმა უნდა, უფრო გაიზრდება პროგრამები, რომლებიც წლების განმავლობაში ხორციელდება ევროკავშირის მხრიდან. ეს ეხება მცირე ბიზნესის განვითარებას, ბიზნესის სტაბილურობასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას საქართველოში. სტატუსი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მარტო ბიზნესსაზოგადოებისთვის, არამედ ქვეყნისთვის“, – განაცხადა „ევროკავშირი – საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ.
ხელმოწერის შემდეგ გაიმართა მრგვალი მაგიდა, სადაც ასოცირების შეთანხმების საკითხები განიხილეს. ღონისძიება „ევროკავშირი – საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით შედგა.