ცხოველებზე ნადირობაზე შესაძლოა, ლიცენზია გაიცეს
ცხოველებზე ნადირობაზე შესაძლოა, ლიცენზია გაიცეს

შესაძლოა, გადამფრენ მფრინველებთან ერთად ლიცენზია ცხოველებზე ნადირობაზეც გაიცეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსმა, მაია ჩხობაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საკითხზე მუშაობა ახალი კანონპროექტის შექმნის ფარგლებში მიმდინარეობს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს და შეიმუშავა პროექტი ნადირობის შესახებ. ეს იქნება ცალკე პროექტი და ესეთი არ ყოფილა აქამდე. ნადირობის საკითხები მოწესრიგებული იყო ცხოველთა სამყაროს შესახებ კანონით და თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ცალკე კანონის სახით ჩამოყალიბდება. ჯერ არის კანონპროექტი, რომელიც გადის განხილვის ეტაპებს. რა თქმა უნდა, ამ კანონპროექტის მიზანია უფრო მოაწესრიგოს ნადირობა და მათ შორის საზოგადოებრივი სავარგულების შემოტანით და გარკვეული რეგულაციების დანერგვით.

როგორც აღვნიშნე, ეს არის კანონპროექტი, რომელიც გადის განხილვებს სამინისტროს შიდა უწყებებში. რა თქმა უნდა, შემდგომში ის გახდება საჯარო, ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული მხარისთვის და მხოლოდ საჯარო განხილვების შემდეგ იქნება წარდგენილი ის დასამტკიცებლად. რეგულაციები, რომელზეც ვმუშაობთ, მოიცავს ბევრ საკითხს, მათ შორის შესაძლოა, განხილული იყოს რაიმე ფორმით გარკვეულ ცხოველებზე ნადირობის საკითხი“, – განაცხადა მაია ჩხობაძემ.