ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

საოკუპაციო რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავება. ე.წ. სასამართლომ გადაწყვეტილება 15 ნოემბერს მიიღო.

„ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყებებმა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის (საზღვრის უკანონო კვეთა) შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ხაზი განზრახ გადალახა“, – ნათქვამია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში.

ამასთან, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო გამოცემა „კომინფის“ ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის, საოკუპაციო რეჟიმმა 9 და 11 ნოემბერს საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა. მათ შორის არიან 1961 წელს დაბადებული, თბილისის მცხოვრები ვაჟა გაფრინდაშვილი; 1961 წელს დაბადებული, თბილისის მცხოვრები  რამაზ ზადიშვილი; 1977 წელს დაბადებული, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მცხოვრები დავით მიშელაშვილი და 1956 წელს დაბადებული, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროს მცხოვრები ზურაბ ტუხიაშვილი. 13 ნოემბერს, ახალგორში, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ სამ მათგანს ფულადი ჯარიმის სახით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა.

საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სავარაუდოდ, ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს, რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.