ციპრასი იძულებული გახდა, ჰალსტუხი გაეკეთებინა - საბერძნეთში ფინანსური კრიზისი დასრულდა [ვიდეო]
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი იძულებული გახდა, ჰალსტუხი გაეკეთებინა. პოლიტიკოსი ამ აქსესუარს არ ატარებდა, თუმცა პირობა დადო, რომ თუკი ათენი სახელმწიფო ვალის პრობლემას გადაწყვეტდა, პრინციპს უღალატებდა.
კრიზისის დაძლევის აღსანიშნავად, ციპრასი პუბლიკის წინაშე შინდისფერი ჰალსტუხით გამოჩნდა.
„როგორც ხედავთ, მე ჰალსტუხი მიკეთია – ნიძლავი უნდა შესრულდეს. დღეს არის ისტორიული დღე. ეკონომია უნდა შეიცვალოს სოციალური თანასწორობით“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმა და აღნიშნა, რომ საბერძნეთი კვლავ ნორმალურ ქვეყნად იქცა.
ევროგჯუფმა საბერძნეთის ფინანსური კრიზისის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ქვეყანას კრედიტების გადახდის დაწყების ვადა კიდევ ათი წლით გაუხანგრძლივდა და ვალების დაფარვა 2033-წლიდან მოუწევს. ათენი დახმარების სახით ბოლო ტრანშს – 15 მილიარდ ევროს მიიღებს.