თუკი მის თავს შეხედავთ, დაინახავთ, რომ თვალები დახუჭული აქვს, ნიკაპი ნაზად უდევს მაგიდაზე, თათები ოდნავ გაჭიმული აქვს — შეიძლება იფიქროთ, რომ ამ ლეკვს მხოლოდ სძინავს.
თუმცა, ეს ციცქნა ლეკვი, რომელიც ახლახან აღმოაჩინეს აღმოსავლეთ ციმბირის ქალაქ იაკუტსკში, მრავალწლოვანი მზრალობის ნიადაგში, 18 000 წლის წინ მოკვდა, როცა ის სულ რაღაც ორი თვის იყო.
იგი იმდენად ბრწყინვალედაა შემონახული, რომ წარბები, წამწამები, ცხვირი და ბეწვის დიდი ნაწილი შესანიშნავ მდგომარეობაშია, თითქოს ის სულ ცოტა ხნის წინ მოკვდა. მოშიშვლებულია მხოლოდ ნეკნებისა და ხერხემლის მცირე ნაწილი. სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ თუ მისი სხეულის პოზის მიხედვით ვიმსჯელებთ, ლეკვი რაიმე უბედური შემთხვევის შედეგად არ არის დაღუპული.
ნახშირბადის დათარიღებით დადგინდა, როდის ცხოვრობდა, გენეტიკურმა ტესტებმა კი მისი სქესი გაარკვია — ხვადი. თუმცა, ნაკლებად არის ცნობილი, რა ტიპის ძაღლი იყო ის.
ვიცით, რომ ის ძაღლია, მაგრამ ამის იქით დეტალების გარკვევა ნამდვილად რთულია. გენეტიკოსთა აზრით, შეიძლება ის მგელიც იყო. ანდაც, ჩვენთვის ცნობილი უძველესი ძაღლი მსოფლიოში.
„ჩვეულებრივ, ადვილია ამ ორს შორის განსხვავების პოვნა. მის შესახებ უკვე ბევრი მონაცემი გვაქვს და ამ მონაცემებით თითქოს მარტივი უნდა იყოს ამის დადგენა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამას ვერ ვახერხებთ, შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ის მიეკუთვნებოდა პოპულაციას, რომელსაც ნათესაური კავშირი ჰქონდა ორივესთან, ძაღლებთანაც და მგლებთანაც“, — ამბობს შვედეთის პალეონტოლოგიის ცენტრის გენეტიკოსი დევიდ სტანტონი.
მეცნიერებმა ცხოველს დოგორი დაარქვეს. იაკუტების ენაზე ეს სიტყვა „მეგობარს“ ნიშნავს.
ლეკვი რუსეთში რჩება, მაგრამ გენეტიკური ანალიზების ჩასატარებლად მისი ერთი ნეკნი მეცნიერებმა შვედეთში წაიღეს. იმის გარკვევა, თუ სადაა დოგორი მოთავსებული ძაღლისებრთა ევოლუციურ ხეზე, შეიძლება, ბევრი რამ გვითხრას იმის შესახებ, როდის გაიყვნენ ძაღლები და მგლები საერთო წინაპრისგან, ასევე როდის და როგორ მოიშინაურეს ძაღლები.
ევოლუციური გენეტიკოსის, ლავ დალენის განცხადებით, ვერ ხერხდება მისი გამოცალკევება თანამედროვე მგლის, პლეისტოცენის მგლის ან ძაღლისგან.
მისი თქმით, ასეთი სირთულის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ეს ლეკვი სწორედ ამ ორი სახეობის ერთმანეთისგან გაყრის პერიოდს ეკუთვნის. შესაბამისად, შეიძლება ის ძალიან ადრეული თანამედროვე მგელი, ძალიან ადრეული ძაღლი ან გვიანდელი პლეისტოცენის მგელია. დალენის განცხადებით, თუ ის ძაღლი აღმოჩნდა, იქნება უძველესი, დადასტურებული ძაღლი მსოფლიოში.
მიჩნეულია, რომ ეს ორი სახეობა (მგლები და ძაღლები) ერთმანეთისგან 15 000-40 000 წლის წინ გაიყო. გერმანიაში აღმოჩენილია 15 000 წლის წინანდელი ძაღლის ნამარხი, რომელიც მიუთითებს, რომ იმ დროისათვის ეს სახეობა უკვე არსებობდა. თუმცა, კამათის საგანი რჩება 40 000 წლის წინანდელი ნამარხები, რომლებსაც ზოგი მეცნიერი პალეოლითის პერიოდის ძაღლებად მიიჩნევს.
საბოლოოდ არც ის არის გარკვეული, როდის და როგორ მოიშინაურა ადამიანმა ძაღლი. 2017 წლის მიხედვით, ეს პროცესი 20 000-40 000 წლის წინ მოხდა და მოშინაურება მხოლოდ ერთი პოპულაციით დაიწყო.
მეორე მხრივ, 2016 წლის კვლევა მიუთითებს, რომ ეს 14 000 წლის წინ მოხდა, ორი სხვადასხვა პოპულაციიდან, ერთი აზიაში და მეორე ევროპაში. როგორც ხედავთ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე მარტივია.
გარკვეულ გასაღებს შეიძლება მალავდეს დოგორის ნეკნი, რომელსაც ამჟამად შვედეთში დნმ-ის ანალიზებს უტარებენ.
დევიდ სტანტონის განცხადებით, როგორც ჩანს, ძაღლები მოიშინაურეს მგლების იმ ხაზიდან, რომელიც შემდეგ გადაშენდა. სწორედ ამიტომ არის ასეთი რთული იმის გარკვევა, სად და როდის მოხდა ეს პროცესი.
მომზადებულია metro.co.uk-ის მიხედვით.