ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში აცხადებენ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიმართვიანობა შემცირებულია
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში აცხადებენ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიმართვიანობა შემცირებულია.
როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განუცხადა, კლინიკაში ამ ეტაპზე 95-მდე კოვიდინფიცირებული მკურნალობს და მათგან მხოლოდ ორი პაციენტია სრულად ვაქცინირებული.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში კლინიკაში შემცირებულია მიმართვიანობა და პაციენტთა რაოდენობაც. სულ კლინიკაში 95-მდე პაციენტია, მათგან 35 მშობელია, მხოლოდ ორი არის სრულად ვაქცინირებული. სამწუხაროდ, ბავშვების ავადობა ყოველთვის ოჯახურ კონტაქტებთან არის დაკავშირებული. თუ უფროსები არ იქნებიან აცრილი, ვერ დავიცავთ ავადობისგან ვერც შვილებს და ვერც ახალშობილებს. სამი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, კიდევ ორი სუნთქვის უკმარისობით არის“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.
მისივე თქმით, ძალიან ბევრ ქვეყანაში უკვე დაწყებულია ვაქცინაცია როგორც რისკჯგუფში მყოფი 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში, ისე არარისკჯგუფში მყოფ ბავშვებში.
„ჩვენ საბჭოს გადაწყვეტილებას ველოდებით. მან უნდა იმსჯელოს, რომ გადაწყდეს. იქნებ ჯერ რისკჯგუფში მყოფი ბავშვები აიცრან და მაშინ, სკოლაში ბავშვები შედარებით უსაფრთხოდ იქნებიან. მათ უნდა დაიცვან ჰიგიენური წესები, ეკეთოთ ნიღაბი, ხელები დაიბანონ, განიავდეს საკლასო ოთახები და კვების პროცედურა იყოს მაქსიმალურად ხელშეწყობით, რომ არ შეიკრიბოს ბევრი ბავშვი კვების პროცესში“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.