ციციშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ რესპირატორული ინფექციებით მიმართვიანობა გაზრდილია
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, კლინიკაში რესპირატორული ინფექციებით მიმართვიანობა გაზრდილია.
მისივე თქმით, რესპირატორული ვირუსული ინფექციების გავრცელებას ხელი შეუწყო იმ ფაქტორმაც, რომ მოქალაქეები პირბადეს სისტემატურად აღარა ატარებენ.
„ზოგადად, მომართვიანობა გაზრდილია. ახლა ისეთი სეზონია, როდესაც იწყება სეზონური ვირუსული ინფექციები, განსაკუთრებით რესპირატორული ვირუსული ინფექციები. კორონაინფექციის პერიოდში ყველანი ვხმარობდით ნიღაბს და რესპირატორული ვირუსებით ავადობის შემთხვევა ძალიან ცოტა იყო. ახლა ვინაიდან პირბადის ტარება მხოლოდ კლინიკებში გახდა სავალდებულო, მას აღარ ვხმარობთ, რეგულაციის პირობები აღარ არის დაცული, რესპირატორული ინფექციები ვრცელდება. პირბადე ნებისმიერი რესპირატორული ინფექციისგან გვიცავდა, ამიტომ რასაკვირველია, შემთხვევების რაოდენობა მომატებული იქნება. ზამთრის პერიოდი მოდის და აუცილებლად უნდა დავიცვათ ჰიგიენური პირობები. გრიპის სეზონი იქნება ნოემბრიდან“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.
მაია ჩხაიძის განცხადებით, გრიპის შემთხვევაშიც საუკეთესო პროფილაქტიკა ვაქცინაციაა. მისივე თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში უკვე შემოტანილია და ის მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია.
„როგორც სხვა ინფექციური დაავადებების შემთხვევაში, გრიპის საუკეთესო პროფილაქტიკაც ვაქცინაციაა. უკვე შემოსულია და ხელმისაწვდომია გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა. ექვსი თვის ასაკიდან მოწოდებულია გრიპის სეზონისთვის მომზადება ვაქცინაციით, ამიტომ შეუძლიათ, ვაქცინაცია ჩაატარონ“, – აღნიშნა მაია ჩხაიძემ.
მაია ჩხაიძემ მშობლებს მოუწოდა, სიცხიანი ბავშვები სკოლებსა და ბაღებში არ გაუშვან.
„მშობელს, რომელსაც ბავშვი ბაღსა და სკოლაში დაჰყავს, ცხელების შემთხვევაში, არ გაუშვას, რადაგან იქ მჭიდრო კონტაქტებია და ავადობის მატება ხდება“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.