ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში „ომიკრონით“ ინფიცირებული დედა-შვილი მკურნალობს, მათი მდგომარეობა მსუბუქია
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირებული დედა-შვილი მკურნალობს. ისინი დანარჩენი პაციენტებისგან იზოლირებულ პალატაში იმყოფებიან. მათ საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვთ.
როგორც ირკვევა, დედა აცრილია, ბავშვი მცირეწლოვანია და თანმხლები დაავადება აღენიშნება. დედა-შვილის მდგომარეობა მსუბუქია.
„ბავშვს ჰქონდა ქრონიკული დაავადება, რის გამო რისკჯგუფში გადიოდა და დედასთან ერთად შემოვიდა. ამის შემდეგ მოხდა „პისიარით“ გადამოწმება, რადგან უცხოეთში სამკურნალოდ იმყოფებოდა ეს ბავშვი, ჩამოსული იყო უცხოეთიდან. ბავშვის მდგომარეობა არ არის მძიმე, ყველა პარამეტრი ნორმის ფარგლებშია. რამდენიმე დღე კიდევ იქნება დაკვირვების ქვეშ და თუ ასე გაგრძელდება, სავარაუდოდ გავწერთ ბინაზე. ეს ბავშვი თავიდანვე იზოლირებულად იმყოფებოდა. დედაც ინფიცირებულია. ერთად წვანან. ამ ბავშვს სხვა კლინიკური მონაცემები არ ჰქონდა, უბრალოდ მივიდა კონსულტაციაზე ერთ-ერთ კლინიკაში და იქ დადასტურდა ცხელება, ტესტი გაუკეთდა, დადასტურდა. მაგრამ შტამის დადასტურება იმ წუთსვე ხომ არ ხდება“, – განაცხადა საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მაია ჩხაიძემ.
ექიმის თქმით, „ომიკრონით“ ინფიცირებულებს რაიმე განსხვავებული სიმპტომები არ აღენიშნებათ. დედა-შვილი კლინიკაში 22 დეკემბერს მოათავსეს. მას შემდეგ მათი ბიოლოგიური ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა მიმდინარეობდა, რომლის პასუხიც დღეს გახდა ცნობილი. საქართველოში ჯერჯერობით „ომიკრონის“ 51 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული.