ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების საკითხზე შექმნილი კომისია მუშაობას ხვალ გააგრძელებს
ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების საკითხზე შექმნილი კომისია მუშაობას ხვალ გააგრძელებს.
კომისიის წევრის, არქიმანდრიტ დავით კემულარიას განცხადებით, ჯერ უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება ინვენტარიზაციის პროცესი.
„კომისიის წევრთა ნაწილმა გადაინაცვლა ინჩხურის მამათა მონასტერში. ვინაიდან მამა ანდრია სარია ტოვებს მონასტერს და იქ არ იქნება არავინ, უნდა აღიწეროს იქაურობა. ამის შემდეგ ეს ინფორმაცია გადაეცემა საპატრიარქოს. ჩვენ კი, როგორც კი დავამთავრებთ იმ საქმეს, რისთვისაც ვართ გამოგზავნილები, ანუ აღწერას, იმწამსვე დავტოვებთ აქაურობას და ეპარქია უკვე ოფიციალურად გადაბარდება მეუფე გრიგოლს. ვერ გეტყვით, რამდენ ხანს გაგრძელდება კომისიის მუშაობა. შეიძლება ეს იყოს ერთი კვირა, ან მეტი“, – განაცხადა არქიმანდრიტმა.
ჭყონდიდის ეპარქიაში კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გუშინ გაიმართა.