„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსმა“ ქვემო ქართლის ორ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ ქვემო ქართლის ორ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილია ხელოვანი თამარ ჭონიშვილი, ხოლო ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის საარჩევნო ოლქში „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ სახელით იბრძოლებს თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკი ამირან კორტი.
„თამარ ჭონიშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურს ხელმძღვანელობდა 2013-2016 წლებში, ხოლო შემდგომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებული მიწების ლეგალიზაციის კომისიის წევრი და მდივანი იყო (2017-2019). თამარი პროფესიით ქორეოგრაფია, არის ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის გრამპრის მფლობელი. კანდიდატი ამასთანავე არის საქართველოს ინტელექტუალური ოქროს ფონდის „ლიოფი“-ის დამფუძნებელი. თამარ ჭონიშვილის საარჩევნო შტაბს გარდაბანში უხელმძღვანელებენ სპარტაკ გუგუსიანი და ავთანდილ მუსტაფაევი, ხოლო მარნეულში – აბესალომ ირიაული.
ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის საარჩევნო ოლქში „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ სახელით იბრძოლებს სამხედრო სფეროში 25-წლიანი გამოცდილების, თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკი ამირან კორტი. კანდიდატი ომის ვეტერანია, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში თავდადებისა და ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურისთვის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, სიგელი და მედალი. ამირან კორტი ნატო-სა და საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობისა და ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი ოპერაციების ფარგლებში ჩატარებული სწავლებისა და წვრთნის პროგრამების მონაწილეა. შედეგად პარტიას, რომელიც N19 საარჩევნო ნომრით იბრძოლებს, ქვემო ქართლის სამივე რეგიონში ეყოლება მაჟორიტარობის კანდიდატები. შეგახსენებთ, რუსთავში მაჟორიტარობისათვის იბრძვის ილია ლობჟანიძე – სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი, რომელიც ცნობილია რადიო „საქართველოს ხმაში“ საავტორო გადაცემებით „პროტესტი“ და „მეგაფონი“. ილია ჟურნალისტურ საქმიანობაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა შრომით უფლებებს, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სამართლის საკითხებს. ის რუსთავის მშენებელ-ინჟინრების, ელიზბარ და ზინა კუტიბაშვილების, ოჯახშია გაზრდილი. ამასთანავე, რუსთავში ცნობილი ჯგუფის SHELBY-ის დამფუძნებელი და კომპოზიტორია. იყო რაგბის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი და რუსთავში მიუსაფარი და კრიზისში მყოფი ბავშვების რაგბის გუნდის დამფუძნებელი“, – აცხადებენ პარტიაში.
მაჟორიტარობის კანდიდატები პარტიის თავმჯდომარემ ბექა ნაცვლიშვილმა, გენერალურმა მდივანმა მარიამ ჯაშმა და პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ წარადგინეს.