ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ რეგიონში ალკოჰოლის გიგანტური მოლეკულა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ალკოჰოლო კოსმოსშიც არის. რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ასტრონავტებისთვის განკუთვნილი ღვინის ბოთლები; საუბარია მიკროსკოპულ მოლეკულურ ფორმაზე. ასტრონომები ფიქრობენ, რომ ახლახან აღმოაჩინეს ამ დროისთვის უდიდესი ალკოჰოლის მოლეკულა კოსმოსში, პროპანოლის სახით.
პროპანოლი ორი ფორმით, ანუ იზომერის სახით არსებობს და ორივე მათგანი ახლა უკვე დაკვირვებებით გამოვლინდა: ნორმალური პროპანოლი, რომელიც პირველად დააფიქსირეს ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონში და იზოპროპანოლი (ხელის სანიტაიზერის მთავარი ინგრედიენტი), რომელიც ვარსკვლავთშორის სივრცეში აქამდე არასოდეს ყოფილა აღმოჩენილი.
ამ აღმოჩენამ ნათელი უნდა მოჰფინოს, თუ როგორ წარმოიქმნება ისეთი ციური სხეულები, როგორებიცაა კომეტები და ვარსკვლავები.
„პროპანოლის ორივე იზომერის აღმოჩენა უნიკალურად მნიშვნელოვანია თითოეულის ფორმაციის მექანიზმის განსაზღვრისთვის. ვინაიდან ისინი ერთმანეთს ძლიერ ჰგვანან, ფიზიკურად ძალიან ერთნაირად იქცევიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე მოლეკულა ერთსა და იმავე ადგილას უნდა იყოს წარმოდგენილი ერთსა და იმავე დროს“, — ამბობს ვირჯინიის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი რობ გარო.
მისი განცხადებით, ერთადერთი პასუხგაუცემელი კითხვა ეხება მათ ზუსტ რაოდენობას — რაც მათ ვარსკვლავთშორის პროპორციას უფრო ზუსტს ხდის, ვიდრე მოლეკულათა სხვა წყვილების შემთხვევაში. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ქიმიური ქსელი გაცილებით უფრო ზუსტად უნდა აიწყოს, რათა განისაზღვროს მათი წარმოქმნის მექანიზმი.
ალკოჰოლის ეს მოლეკულები აღმოაჩინეს ვარსკვლავის ე. წ. მიწოდების ოთახში, ვარსკვლავთწარმოქმნის გიგანტურ რეგიონში, რომელსაც მშვილდოსანი B2-ს (Sgr B2) უწოდებენ. მდებარეობს ირმის ნახტომის ცენტრის სიახლოვეს, ჩვენი გალაქტიკის სუპერმასიურ შავ ხვრელ მშვილდოსანი A*-სთან ახლოს.
ღრმა კოსმოსის ასეთი მოლეკულური ანალიზები უკვე 15 წელია მიმდინარეობს, მაგრამ 10 წლის წინ, ჩილეში მოქმედება დაიწყო ატაკამის ფართო მილიმეტრულ/სუბმილიმეტრულმა ტელესკოპმა (ALMA), რომელმაც ეს ანალიზები გაცილებით დეტალური გახადა.
ALMA-ს მაღალი რეზოლუცია და დიდი მგრძნობელობა აქვს, რაც მეცნიერებს ისეთი მოლეკულების იდენტიფიცირების საშუალებას აძლევს, როგორებსაც იქამდე უბრალოდ ვერ ვხედავდით. Sgr B2-ის მსგავსი გადატვირთული ადგილებიდან თითოეული მოლეკულის მიერ გამოყოფილი რადიაციის სპეციფიკური სიხშირის დაჭერა გადამწყვეტია იმის გასარკვევად, თუ რა ხდება იქ.
„რაც უფრო დიდია მოლეკულა, მით უფრო მეტ სპექტრულ ხაზებს წარმოქმნის სხვადასხვა სიხშირეებზე. Sgr B2-ის მსგავს წყაროში, რადიაციას იმდენი მოლეკულა გამოყოფს, რომ მათი სპექტრი ერთმანეთს ფარავს, შესაბამისად, ძნელია ერთმანეთისგან გაცალკევება და მათი ინდივიდუალურად იდენტიფიცირება“, — ამბობს კიოლნის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ჰოლგერ მიულერი.
ALMA-ს ძლიერ ვიწრო სპექტრული ხაზების დაფიქსირება შეუძლია; ამას გარდა, ლაბორატორიაში ჩატარდა ყოვლისმომცველი ანალიზები პროპანოლის იზომერთა გამოსხივების ხელწერის დახასიათების მიზნით. სწორედ ამან გახადა შესაძლებელი ახალი აღმოჩენა.
ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული მოლეკულების პოვნა, თუნდაც ნორმალური პროპანოლის და იზოპროპანოლის, ასევე იმის გაზომვა, ერთმანეთთან მიმართებაში რა რაოდენობით არიან ისინი წარმოდგენილი — მეცნიერებს მათი წარმომქმნელი ქიმიური რეაქციების უფრო დეტალურად შესწავლის საშუალებას აძლევს.
Sgr B2 რეგიონში უფრო მეტი ვარსკვლავთშორისი მოლეკულის აღმოსაჩენად კვლევა გრძელდება, რამაც საბოლოოდ ბევრი რამ უნდა გვითხრას ვარსკვლავთა წარმოქმნაში ჩართულ ქიმიურ რეაქციათა მთელი სერიების შესახებ. ამასობაში, ALMA-მ იქ ასევე შენიშნა ისეთი ორგანული მოლეკულები, როგორებიცაა იზოპროპილის ციანიდი, N-მეთილფორმამიდი და შარდოვანა.
„Sgr B2-ზე დაკვირვებებისას ALMA-ს მიერ შეგროვებულ სპექტრში ჯერ კიდევ ბევრი გაურკვეველი სპექტრული ხაზია, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ ბევრი სამუშაო დაგვრჩა მისი ქიმიური შემადგენლობის გასაშიფრად“, — ამბობს მაქს პლანკის რადიოასტრონომიის ინსტიტუტის ასტრონომი კარლ მენტენი.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება ALMA-ს დაბალ სიხშირეთა აღჭურვილობა, რაც ამ სპექტრულ წყაროში კიდევ უფრო მეტი ორგანული მოლეკულის აღმოჩენის საშუალებას მოგვცემს.
კვლევა Astronomy & Astrophysics-ში ორ პუბლიკაციად გამოქვეყნდა.
მომზადებულია mpg.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.