აჭარაში, ჭვანის ხეობაში მომავალი წლიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება. მათ შორის დაგეგმილია ექსტრემალებისთვის კლდეზე სასტუმროს (კაფსულა), საფესტივალო სივრცის, ტურისტული ბილიკების, ბუნებაში გასართობი ატრაქციების მოწყობა.
ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მოამზადა.
„ჩვენი მიზანია აჭარაში შევქმნათ ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, სადაც რეგიონის სტუმრები წლის ნებისმიერ დროს იმოგზაურებენ. ამ მხრივ, გამორჩეულია ჭვანის ხეობა თავისი მდიდარი ტურისტული ღირსშესანიშნაობებითა და ბუნებრივი რესურსებით, სადაც 2020 წლიდან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება დაიწყება. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია შეიქმნას ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა, რათა ჭვანის ხეობა გახდეს საინტერესო ტურისტული მიმართულება ადამიანებისთვის, რომლებსაც ეკოტურიზმი, კულტურული ტურიზმი და სათავგადასავლო ტურიზმის იზიდავს“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.
ჭვანის ხეობა ბათუმიდან 58 კილომეტრში მდებარეობს. ის რეგიონში ფოლკლორითა და მუსიკალური ტრადიციებით გამორჩეული ადგილია, სადაც ტურისტებს გარდა ღირსშესანიშნაობების მონახულებისა, საშუალება აქვთ, ადგილობრივი კერძები, თაფლი და ხილი დააგემოვნონ. ხეობაში არის ასევე ძველი, ხის წიქვილები და სოფელი, რომელიც წისქვილების სოფლის სახელით არის ცნობილი.
ხეობა მდიდარია ჩანჩქერებით, ისტორიულ-კულტურული ძეგლებითა და ტრადიციებით. ამ მხრივ, გამორჩეული კი ხაბელაშვილების სამი საუკუნის ხის ხიდია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.
ხეობაში ასევე ფუნქციონირებს ფანდურების სახელოსნოც, სადაც მუსიკალური ხელსაწყოს შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.