ჩულპან ხამატოვა თბილისში, ბელა ახმადულინას საიუბილეო საღამოზე პოეტის ლექსებს წაიკითხავს
15 დეკემბერს, 19:00 საათზე გრიბოედოვის თეატრის დიდ სცენაზე ცნობილი რუსი პოეტისა და მთარგმნელის, ბელა ახმადულინას დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო-კონცერტი გაიმართება, სახელწოდებით „ბელა ახმადულინა – სიზმრები საქართველოზე“. პოეტის ლექსებს რუსეთის დამსახურებული არტისტი, კინოსა და თეატრის ვარსკვლავი ჩულპან ხამატოვა გააჟღერებს.
გრიბოედოვის თეატრის სცენიდან გაჟღერდება მუსიკალური კომპოზიციები რუსეთის დამსახურებული არტისტის, პიანისტ ალექსეი გორიბოლის შესრულებით. ჩულპან ხამატოვასთან ერთად, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ გრიბოედოვის თეატრის მსახიობები არჩილ ბარათაშვილი, ოლეგ მჭედლიშვილი, მერაბ კუსიკაშვილი და მიხეილ გავაშელი.
ბელა ახმადულინას შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია საქართველოს. წლების განმავლობაში მისი ლექსები პირველად ჟურნალ „ლიტერატურნაია გრუზიაში“ იბეჭდებოდა. საქართველოში გამოვიდა ბელა ახმადულინას რამდენიმე კრებული, მათ შორის „სიზმრები საქართველოზე“, რომელიც გამომცემლობა „მერანმა“ დაბეჭდა 1977 და 1979 წლებში. კრებულში შევიდა ლექსები, პოემები, თარგმანები, პროზაული ნაწარმოებები, წერილები და ეს გამოცემა იმთავითვე ბიბლიოგრაფიულ რარიტეტად იქცა.
2017 წელს ჩულპან ხამატოვამ შეასრულა ბელა ახმადულინას როლი ტელესერიალში „საიდუმლო ვნება“ («Таинственная страсть»).
ჩულპან ხამატოვა თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი, საზოგადო მოღვაწე, მოსკოვის აკადემიური თეატრის „სოვრემენიკის“ წამყვანი მსახიობი და სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილეა. ის საქველმოქმედო ფონდ „პოდარი ჟიზნის“ ერთ-ერთი დამაარსებელია, ასევე რუსეთის სახალხო არტისტი (2012) და რუსეთის სახელმწიფო პრემიის ორგზისლაურეატი (2004,2014).
გრიბოედოვის თეატრმა და კონცერტის ორგანიზატორმა, „რუსულმა კლუბმა“ გააფორმეს მემორანდუმი აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდთან და შეუერთდნენ საქველმოქმედო აქციას #მეაქვარ. 5 დეკემბრიდან მოყოლებული გრიბოედოვის თეატრის ყველა წარმოდგენაზე ბილეთებთან ერთად მაყურებელს ექნება საშუალება შეიძინოს სტიკერი წარწერით #მეაქვარ, რითაც დაეხმარება აუტიზმის ეროვნული ცენტრის „ფერადი ქალაქის“ მშენებლობას.