ჭუბერსა და ხაიშში საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს
მესტიის სოფლებში ჭუბერსა და ხაიშში საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ახორციელებენ ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით.
მათივე ინფორმაციით, სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ივლისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, ხის მასალის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს და დააკავეს 15 პირი.
„ამ ეტაპზე, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება ხე-ტყის გადამამუშავებელი და ხის მასალის რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმება, ასევე რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა. ანალოგიური ღონისძიებები მიმდინარეობს სოფლებში ჭუბერსა და ხაიშში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ხელს უშლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მათზე დაკისრებული მოვალეობის განხორციელებაში, რის გამოც, აღნიშნულ სოფლებში ამ დროისთვის, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოების და საქმიანობის სრულყოფილად შესრულების მიზნით, საჭირო გახდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ე პრიმა და 303-ე მუხლებით”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
ჭუბერსა და ხაიშში დილიდან დაპირისპირება იყო. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ჩატარდა სპეცოპერაცია. იარაღიანი ხალხი შესული იყო სახლებში და მოჭრილი უკანონო ხე-ტყის ამოღებას ითხოვდნენ. ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია, თუმცა სპეცრაზმი ადგილზე რჩება.