ჭუბერის თემის რწმუნებული - მდინარე ნენსკრა კალაპოტს ისე იცვლის, ამ ეტაპზე რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია
ჭუბერის თემის რწმუნებული - მდინარე ნენსკრა კალაპოტს ისე იცვლის, ამ ეტაპზე რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია

ჭუბერში მდინარე ნენსკრა კალაპოტს ისე იცვლის, ამ ეტაპზე, რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, – ამის შესახებ 1tv.ge-ს ჭუბერის თემის რწმუნებულმა ნინო ვიბლიანმა განუცხადა.

მისი თქმით, მდინარეში წყლის დონემ შედარებით დაიწია, საშიშროება ნაკლებია, თუმცა არსებობს ეპიცენტრები, სადაც საცხოვრებლების დატბორვის საფრთხე ჯერ კიდევ არის.

ამასთან, როგორც ვიბლიანმა აღნიშნა, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ჩამოინგრა და ჭუბერის ეს ორი ნაწილი ერთმანეთს მოწყვეტილია.

მარჯვენა-მარცხენა სანაპიროები რითაც უკავშირდებოდნენ, ეს გზა ჩამოინგრა. ახლა გამოსულები ვართ, ვათვალიერებთ ალტერნატიულ გზებს და ამის შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, როგორ დაუკავშირდება ერთმანეთს სოფლის ეს ორი ნაწილი“, – განაცხადა ვიბლიანმა.

როგორც ჭუბერის თემის რწმუნებულმა აღნიშნა, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც საფრთხე ემუქრებოდა, სოფლიდან გაყვანილია. მისი თქმით, რამდენიმე სახლი, სადაც წყალი შესულია და ნახევრად გამონგრეულია, შეიძლება კიდევ ჩამოიშალოს.

ნინო ვიბლიანი განმარტავს, რომ ჭუბერში ვითარებას რთული მეტეოროლოგიური პირობებიც ართულებს, რადგან ხეობაში ისევ წვიმს.

„წვიმა ართულებს ვითარებას. მდინარეში წყლის დონე სანამ არ დაიკლებს და მდინარე კალაპოტში არ ჩავარდება, წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია“, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ​ მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე 7 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე მოსალოდნელია საშუალო ინტენსივობის ნალექი, 8-9 ივლისს ნალექების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შესუსტდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჭუბერში მასშტაბური სტიქიის გამეორება გამორიცხულია.