ჭუბერის რწმუნებული - სტიქიის ზონაში ყველაზე მეტი სირთულე გზებთან და ხიდებთან დაკავშირებით არსებობს [ვიდეო]
ამ დროისთვის ჭუბერში, სტიქიის ზონაში, ყველაზე მეტი სირთულე გზებთან და ხიდებთან დაკავშირებით არსებობს,- ამის შესახებ ჭუბერის რწმუნებულმა, ნინო ვიბლიანმა პირველ არხს განუცხადა.
მისი ინფორმაციით, მდინარემ ხუთი ხიდი მთლიანად გაანადგურა. დღის 13:00 საათისთვის მოხერხდა მძიმე ტექნიკის შეყვანა დევრას ალტერნატიული საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სადაც გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს.
ძირითადი გზა წყალმა გვიან ღამით მთლიანად დაშალა, რის გამოც რვა სოფელს შორის საავტომობილო მოძრაობა არ არსებობს, გადაადგილება მხოლოდ ქვეითად არის შესაძლებელი. როგორც ნინო ვიბლიანი ამბობს, ალტერნატიული გზაც ჩაქცევის საფრთხის წინაშე იდგა, თუმცა ტექნიკამ შეძლო ადგილზე შესვლა და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
“ჩვენი გეგმაა, შევინარჩუნოთ გზები და აღდგეს ხიდები, რომ სოფლის მოსახლეობას გადაადგილების საშუალება ჰქონდეს. არსებობს შტაბი, გონივრული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და შესაბამისად ვიმუშავებთ. ამ ეტაპზე დამატებით მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება, საცხოვრებელი სახლებიდან გაიყვანეს მხოლოდ წყლის პირას მცხოვრები მოსახლეობა. სულ დაახლოებით 100 ოჯახამდეა გასული, ყოველ შემთხვევაში ღამით არ ჩერდებიან სახლებში, რადგან ღამის განმავლობაში წყლის დონის მომატების საფრთხე არსებობს. ასეთი სტიქია მე კი არა, ჩემს წინაპარს არ ახსოვს, – ამბობს ნინო ვიბლიანი.
აქვე, ჭუბერის რწმუნებული განმარტავს, რომ სტიქიის გამომწვევ მიზეზად არ შეიძლება ჰესის მშენებლობა ჩაითვალოს.
„არანაირად არ არის ეს ჰესთან დაკავშირებული, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მასა, რომელიც მთას მოწყდა, არ არის ჰესის გავრცელების არეალში. ეს მოხდა ხუთი კილომეტრის დაშორებით, შესაბამისად არანაირ კავშირში სტიქია ჰესთან და მიმდინარე სამუშაოებთან არ არის, თუმცაღა, ამ ეტაპზე იქ სამუშაოები მაინც შეჩერებული იყო“, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.