ჩრდილოეთ სირიაში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დროს შვიდი თურქი სამხედრო დაიღუპა
ჩრდილოეთ სირიაში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დროს შვიდი თურქი სამხედრო დაიღუპა

ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ჩრდილოეთ სირიაში ქურთების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს შვიდი თურქი სამხედრო დაიღუპა,- ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. დანაკარგს თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ანკარა მებრძოლებს სამხედროების მოკვლისთვის ორმაგად აზღვევინებს.

მოგვიანებით, თურქეთის ავიაციამ ქალაქ აფრინის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქურთთა პოზიციები დაბომბა.
სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან სულ 14 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.

თურქეთმა ქურთების წინააღმდეგ ოპერაცია სახელწოდებით „ზეთისხილის რტო“ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში 20 იანვარს დაიწყო. თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, ოპერაციის მიზანს ქვეყნის მოსაზღვრე ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდა წარმოადგენს.

სირიელი ქურთების წარმომადგენელთა განცხადებით, სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან თურქეთის იერიშს 150 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები და ქალები.
თურქეთის ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ სამხედრო მოქმედებების შედეგად მოკლულია 900-მდე ქურთი მებრძოლი.