თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჩრდილოეთ სირიაში ტერორისტულ აქტებზე საპასუხოდ ანკარა საჭირო ნაბიჯებს გადადგამს
თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჩრდილოეთ სირიაში ტერორისტულ აქტებზე საპასუხოდ ანკარა საჭირო ნაბიჯებს გადადგამს

თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ანკარა ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს ჩრდილოეთ სირიაში ტერორისტულ აქტებზე საპასუხოდ. როგორც ჰულუს აქარი ამბობს, თურქეთი ყველა საჭირო ზომას გაატარებს იმ დროსა და ადგილზე, სადაც ეს აუცილებელი იქნება და რასაც პრეზიდენტი განსაზღვრავს.

„ყველაფერი, რაც საჭიროა თურქეთის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, საჭირო დროსა და ადგილზე გაკეთდება“, – განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ქურთ მუშათა პარტიისა და სირიელი ქურთების „სახალხო თავდაცვის რაზმების“ მებრძოლების თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთს და აშშ-ს დააკისრა.

როგორც ანკარაში აცხადებენ, ჩრდილოეთ სირიაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად ორი თურქი სპეცრაზმელი მოკლეს. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, თურქულ ძალებზე თავდასხმების გაგრძელების გამო ანკარას მოთმინება იწურება.