ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება აშშ-ს ამერიკელი სტუდენტისთვის გაწეული სამედიცინო ხარჯების დაფარვას სთხოვს
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება აშშ-ს ამერიკელი სტუდენტის, ოტო უორმბაიერისთვის გაწეული სამედიცინო ხარჯების დაფარვას სთხოვს. საუბარია ორ მილიონ დოლარზე, რომელიც პატიმრობის პერიოდში კომაში ჩავარდნილი ამერიკელი მოქალაქის მკურნალობაზე დაიხარჯა.
ინფორმაციას ტელეკომპანია „სი-ენ-ენი“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ფხენიანმა ვაშინგტონს დავალიანების შესახებ ანგარიში ჯერ კიდევ ოტო უორმბაიერის აშშ-სთვის გადაცემამდე, 2017 წელს წარუდგინა. დოკუმენტი იმ პერიოდში ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის წარმომადგენელმა ჯოზეფ იუნმა ჩაიბარა და მაშინდელ სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს გადასცა, რომელმაც თავის მხრივ ამის შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციას აღნიშნული ხარჯები არ დაუფარავს.
როგორც „სი-ენ-ენს“ ანონიმური წყარო განუმარტავს, კომპენსაციის საკითხი ფხენიანს სინგაპურისა და ვიეტნამის სამიტებზე აღარ წამოუწევია.
აღსანიშნავია, რომ ოტო უორმბაიერი ჩრდილოეთ კორეაში 2016 წლის იანვარში დააკავეს, ვაშინგტონში კი კომატოზურ მდგომარეობაში 2017 წლის ივნისში დააბრუნეს, თუმცა ის ტვინის მძიმე ტრავმის შედეგად, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.