ჩრდილო კორეის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელი აშშ-ში გაემგზავრა. სამხრეთ კორეული გამოცემა Yonhap-ის ინფორმაციით, კიმ ჩენ ჩოლის სახელი პეკინი-ნიუ იორკის რეისის მგზავრთა სიაში იყო მითითებული.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჩრდილო კორეის ხელისუფლების წარმომადგენელი ვაშინგტონში მიემგზავრებოდა. კიმ ჩენ ჩოლი პეკინის აეროპორტში Associated Press Television-ის თანამშრომლებმა შეამჩნიეს.
კიმ ჩენ ჩოლი სამხედრო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელია. ამჟამად კი ჩრდილო კორეის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს. ეს ბოლო 18 წელიწადში აშშ-ში ჩრდილო კორეის მსგავსი რანგის პირველი ვიზიტი იქნება. სამხრეთ კორეის მედია ასევე წერს, რომ აშშ-სა და ჩრდილო კორეის ლიდერების სამიტის მოსამზადებლად, ჩრდილო კორეის დელეგაცია სინგაპურშიც ჩავიდა.