ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეული ჯარისკაცის მუცელში, სამხრეთ კორეელმა ექიმებმა აქამდე უცნობი სახის პარაზიტი იპოვეს
ცოტა ხნის წინ, ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეულ ადამიანს, სამხრეთ კორეის საზღვრის გადაკვეთისას, თანამემამულეებმა ხუთჯერ ესროლეს.
მის ორგანიზმში 30 სხვადასხვა ტიპის პარაზიტი აღმოჩნდა, მათ შორის ერთი ისეთი, რომელიც ქვეყანაში მანამდე არასოდეს უნახავთ.
ორ ქვეყანას შორის არსებულ დემილიტარიზებულ ზონაში დაჭრილ ჩრდილოეთ კორეელს სამხრეთ კორეელმა ქირურგებმა რამდენიმე დღის წინ ოპერაცია ჩაუტარეს. მამაკაცის მუცლის ღრუში მათ იპოვეს პარაზიტი, რომლის მსგავსიც აქამდე არასოდეს უნახავთ.
ჟურნალ Korea Biomedical Review-ის ცნობით, მრავალსაათიან ორი ოპერაციის შემდეგ, გაქცეული, რომელსაც ხუთი ტყვია აქვს მოხვედრილი, კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.
„ვითარება მძიმეა. ჯარისკაცის მუცელში აღმოვაჩინეთ ბევრი პარაზიტი, რომლებიც განსაკუთრებით აზიანებენ ნაჭრილობევ ზონებს“, — უთხრა ჟურნალს მისმა მკურნალმა ექიმმა ლი გუკ-ჩენმა.
„ასევე აღმოვაჩნეთ პარაზიტი, რომელიც კორეაში არასოდეს გვინახავს. ეს კი სიტუაციას უფრო ამძიმებს და იწვევს საშინელ გართულებებს“, — ამბობს ლი.
ჯერჯერობით უცნობია, გვხვდება თუ არა ეს პარაზიტი მსოფლიოში სხვაგან.
როგორც გამოცემას სამედიცინო სკოლის პროფესორმა განუცხადა, ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეულები სამხრეთ კორეაში ხშირად მოდიან პარაზიტებით გავსებულნი. ზოგიერთი მათგანის ორგანიზმში კი 30-ზე მეტი სახის პარაზიტიც უნახავთ.
პროფესორის თქმით, ამ ჩაკეტილი ქვეყნიდან გამოქცეულებში ეს სერიოზული პრობლემაა, მაგრამ შეიძლება სულაც არ ასახავდეს ზოგადად ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის მდგომარეობას.
მაგრამ ამ ჯარისკაცის შემთხვევა სხვებისგან განსხვავდება — მისი კუჭ-ნაწლავი დაფლეთილია და დაბინძურებულია ფეკალური მასებით, დაინფიცირებულია პარაზიტებით, აღნიშნავს ლი.
„მას ყველაფერი სჭირს, რაც კი შეიძლება სჭირდეს“.
„დიდი ალბათობით, პროგნოზი უიმედოა. დიდი ოდენობით სისხლის დაკარგვის გამო, იმყოფება კომაში. ველოდებით კიდევ უფრო მეტ გართულებას“.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით