ჩრდილოეთ კორეაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 76 ადამიანი დაიღუპა, ამავე რაოდენობის პირი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვარი ავრცელებს.
საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის ცნობით, 28 აგვისტოს დაწყებული ძლიერი წვიმის გამო, სტიქიას ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში ებრძვიან. წყალდიდობის შედეგად გამოწვეული ნგრევისა და დატბორვის შედეგად, ათასობით პირი იძულებული გახდა, მშობლიური სახლი დაეტოვებინა. საერთო ჯამში, სტიქიამ 800-ზე მეტი ნაგებობა დაანგრია, მათ შორის არის საცხოვრებელი სახლები, სკოლები და სამედიცინო დაწესებულებები.
ამჟამად წითელი ჯვრის წარმომადგენლები სტიქიის ზონაში სამაშველო და სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. მათი ცნობით, დაკარგულებს შორის ბევრი მცირეწლოვანია.
ამასთან, ათასობით დაზარალებულს სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება. ისინი სამედიცინო მედიკამენტებისა და სასმელი წყლის დეფიციტს განიცდიან. რთულ პირობებს მწირი სანიტარული ნორმები ემატება, რაც დაავადებების გავრცელების რისკს ზრდის.