ჩრდილოეთ კორეამ ახალი, ტაქტიკურად მართვადი რაკეტა გამოსცადა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ახალი შეიარაღება უკვე არსებულ ტექნოლოგიებს ეფუძნება, რომელიც გაუმჯობესებულია და 2.5 ტონა ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია.
ფხენიანში აცხადებენ, რომ ორმა რაკეტამ სამიზნე 600 კილომეტრის დაშორებით გაანადგურა. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული რაკეტები ფხენიანმა გასული წლის ოქტომბერში სამხედრო აღლუმზე წარადგინა. რაკეტების გაშვებას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი არ დასწრებია.
ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად ისროლა.