ჩრდილოეთ კორეა უკრაინის მხრიდან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ეხმაურება უკრაინის მხრიდან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა ფხენიანმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები აღიარა. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.
ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყების განცხადებით, „უკრაინას არ აქვს უფლება, დააყენოს სუვერენიტეტის საკითხები, მას შემდეგ, რაც ოფიციალური კიევი შეუერთდა შეერთებული შტატების უსამართლო და უკანონო ქმედებებს, რომლებმაც ოფიციალური ფხენიანის სუვერენიტეტი დაარღვიეს“.
ჩრდილოეთ კორეაში აღნიშნავენ, რომ მათი ბირთვული და სარაკეტო პროგრამები არის „თავდაცვის საშუალება“ და აქვე მათ დაადანაშაულეს ოფიციალური ვაშინგტონი „მტრული პოლიტიკის“ გატარებაში სანქციებისა და სამხრეთ კორეასთან ერთად სამხედრო წვრთნების ჩატარების გამო.
„ჩვენ გავაგრძელებთ მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას და განვითარებას ყველა იმ ქვეყანასთან, რომლებიც პატივს სცემენ ჩვენს სუვერენიტეტს და დადებითად გვექცევიან სუვერენული თანასწორობის, შიდა საქმეებში ჩაურევლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით“, – ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე, 13 ივლისს, რუსულმა მედიამ, ჩრდილოეთ კორეის საელჩოს ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობები, რომ ოფიციალურმა ფხენიანმა რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასის ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“ აღიარა.
30 ივნისს, უკრაინამ სირიასთანაც გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები, მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა დამასკომ ასევე აღიარა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა“.