ჩრდილოეთ კორეა მოლაპარაკებების გამართვის შესახებ სამხრეთ კორეის წინადადებას დათანხმდა. უმაღლეს დონეზე შეხვედრა დემილიტარიზებული ზონის სამხრეთ ნაწილში, 9 იანვარს გაიმართება.
მთავარი საკითხი ორმხრივი ურთიერთობები და ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ფხენიანის წარმომადგენლების მომზადების საკითხში თანამშრომლობა იქნება.
ორ ქვეყანას შორის, უმაღლეს დონეზე დიალოგი უკანასკნელად 2015 წლის დეკემბერში შედგა. ორი დღის წინ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განკარგულებით, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სეულთან ე.წ.“ცხელი ხაზის” კავშირი აღდგა.
აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების გამართვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ლიდერებმა გადაწყვიტეს, მომდევნო თვეს დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნები აღარ განახორციელონ.